ახლა ეროვნული ბანკი და მთავრობა „მოედანს“ უნდა გვიკეთებდნენ. ვთქვათ, სარბენ ბილიკზე გავრბივართ ბიზნესმენები, კონკურენცია გვაქვს, ესენი დგანან და ბოტასებს გვიმოწმებენ, მოედანს გვიჩიჩქნიან, ღამე თუ გავრბივარ შუქს მიქრობენ. უნდა გაანებონ ამას თავი, სწორად მართვაა მათი მოვალეობა, ასეთი ჩარევით ვერაფერს გააკეთებენ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც პაპაშვილმა აღნიშნა, ახლა არის განუზომლად დიდი შანსი, რომ ქვეყანა წინ 100 ნაბიჯით წავიდეს.
„არ მინდა ნიშნის მოგებით რამე ვთქვა, მაგრამ 2 წლის წინ ლარის კურსზე ცალმხრივად ხდებოდა ინტერვენციები, ლარზე იყო ზეწოლა და ეროვნული ბანკი ბოლომდე იცავდა პოზიციას, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, ჩვენი სავალუტო რეზერვები უნდა გაზარდოსო, წარმოიდგინეთ ამ ინფლაციის ფონზე, რაც აღიარებულია, თითქმის 14%-ია, კურსი 4,50-ზე იყოს, რა დღეში ვიქნებოდით ჩვენ ქვეყანა, ჩვენი ბალანსები და ბიზნესები?! ამას ვერ ხედავს მგონი, ეს ხალხი. ახლა არის საუბარი, როგორ შეაჩერონ ეკონომიკის ზრდა. თუ სესხები არ იქნება, ეკონომიკა ავტომატურად შეჩერდება. პირიქით, აბსოლუტურად ყველა წინაპირობაა იმის ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკა გაიზარდოს. ჩვენ ეკონომიკის ზრდის შეჩერების პრევენციას ვაკეთებთ, თორემ ერთ დილით ასეც დაგვხვდება და ამას არც შეგვეკითხებიან. რეზერვები, რომელიც ოდესღაც 30-დან 25-ზე დავწიეთ, ამის უკან აწევაზეა საუბარი. მე საერთოდ ამის განულებას ვითხოვდი და ვითხოვ, თუ რეალური ეკონომიკური ზრდა გვინდა. ახლა რაც გვაქვს რეალური ეკონომიკური ზრდა არ არის. ამ ქვეყნიდან გასული ქალები შრომობენ და უკვე მე-10 წელია ამ ზრდამ ფანტასტიკურ ციფრებს მიაღწია. ეს ქალები აურაცხელ თანხებს რიცხავენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე კარგი მაჩვენებელია ტურიზმშიც, თუმცა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა არ არის. ყველაზე ძნელად დასაკრედიტებელი ნაწილია ტურიზმი. იცით, რომ მე აბასთუმანს ვაკეთებ და რამდენად რთულია იქ სესხის აწევა. ესენი თუ მე 10-12%-ად მასესხებენ ამ თანხას, რა თქმა უნდა, ვერ ვისესხებ და გავაჩერებ პროექტს. ამაზეა საუბარი, რომ ადამიანებს საშუალება უნდა მისცენ. ასევე ყველას ეგონა, რომ ომის გამო ტრანსპორტის კოლაფსი მოხდებოდა და პირიქით, გაასმაგებულია მოთხოვნა, ამას კი სატრანსპორტო კომპანიები მზად უნდა დახვდნენ. სესხს თუ ვერ ავიღებთ, როგორ დახვდებიან მომზადებული? თითქოს ეროვნულ ბანკს ეშინია ბაზრის გადახურების.
თუმცა, ახლა არის განუზომლად დიდი შანსი, რომ 100 ნაბიჯით წინ წავიდეს ქვეყანა. 12,5-ზეა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებული და ამას ხელს არ უწყობს სესხები, თუმცა, ჩვენი არგუმენტია, რომ უნდა უწყობდეს. სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ეკონომიკისთვის დამატებით ფულს ნიშნავს. 5%-ითაც რომ შეამციროს მილიონი უნდა გამოთავისუფლდეს ეკონომიკაში. თუ გამკაცრდება მოთხოვნები, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ინფლაციას ამით ეროვნული ბანკი ვერ დაიჭერს. ყველაფერს იჭერს და ასწორებს ეკონომიკური ზრდა, ხალხის კეთილდღეობა. ვითომ უნდა ჩამოვქცეულიყავით იმის გამო, რაც მეზობლებთან ხდება, მაგრამ პირიქითაა, ბუმია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პაპაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი 3 ლარს ჩამოსცდა – ლაშა პაპაშვილი