LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ანდღულაძე: „ევროკომისიის მოსაზრებას ძალიან დიდი დატვირთვა ექნება – აუცილებელია ფრთხილად იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებაში ევროსკეპტიკური მიდგომები არ გაღვივდეს“

97
BeFunky-collage (12)

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, ხვალ, 17 ივნისს, ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა გამოქვეყნდეს. 23-24 ივნისს კი, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, რა პროცესები ელოდება ქვეყანას – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარმა, ანა ანდღულაძემ ისაუბრა.

ანა ანდღულაძის განცხადებით, ევროკომისიამ უნდა დადოს თავისი დასკვნა, რამდენად აქვს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს უნარი შემდგომ დააკმაყოფილონ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები, შემდეგ, ამ რეკომენდაციების და დასკვნის საფუძველზე ევროპული საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა შეიძლება შესთავაზოს ამ ქვეყნებს – იქნება ეს კანდიდატის სტატუსი, სტატუსის პირობებით მიცემა თუ რაიმე სხვა ალტერნატივა. მისივე თქმით, თუ როგორ წარიმართება პროცესი, ზუსტად ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში იხსნება ორმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყანას შორის, რომელიც ეხება თემატურ ქვეთავებს და ამის ფარგლებში, ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესის მიხედვით წარიმართება გაწევრიანების პროცესი“, – ამბობს ანა ანდღულაძე და დასძენს, რომ განწყობებთან და მოლოდინთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ამ მომენტში რთულია, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში.

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევრის შეფასებით, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით განწყობები შედარებით პოზიტიურია.

„უკრაინის შემთხვევაში ამ ფონს აძლიერებს რუსეთის აგრესია და ის ბრძოლა, რასაც უკრაინა ყოველდღიურად გადის. მოლდოვის შემთხვევაში არის გამოკვეთილად პროევროპული ხელისუფლება, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს იგივე ბრიუსელსა თუ დედაქალაქებში. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოლდოვამ ძალიან ბევრი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. ამიტომ მოლდოვის საკითხს ესეც ძალიან წინ წევს.

საქართველოს შემთხვევაში ვიცით, რომ რაც მოეწერა ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და მანამდეც, განიხილებოდა ქვეყნად, როგორც მოწინავე რეგიონში რეფორმების კუთხით, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებითა თუ დემოკრატიული უკუსვლის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიხილეთ, ნეგატიურ ჭრილში განიხილება.

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე

ამ ფონს ამძიმებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კონფრონტაციული განცხადებები თუ კრიტიკა. ამ ყველაფრის ერთობლიობა ცოტა უფრო ართულებს საქართველოს შემთხვევაში პროგნოზის გაკეთებას.

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი? – ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა – ალუდა ღუდუშაური

საერთო ჯამში, სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო მოსაზრება თავად წევრ სახელმწიფოებს შორის და ამაზე მსჯელობა საკმაოდ დინამიკურია. კონკრეტული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა ალბათ, მაშინ გვექნება, როდესაც ვნახავთ ევროკომისიის დასკვნასა და მოსაზრებას”, – აცხადებს ანა ანდღულაძე.

როგორც ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარმა აღნიშნა, განაცხადის გაკეთების პროცესის შემდგომ, როდესაც ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას, ყურადღება ძირითადად მომართულია ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

„რა ხდება აპლიკანტ ქვეყნებში, რა განცხადებები კეთდება, როგორი რეაგირება და მზაობა ექნება ქვეყანას იმ გამოწვევებზე, რომელიც იყო მითითებული ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

სწორედ პოლიტიკურ კრიტერიუმებს აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ერთი მხრივ, გაწევრიანების თვალსაზრისით რეფორმები ძალიან კომპლექსურია, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელობა ექცევა პოლიტიკურ განწყობას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, როგორ შეიძლება გამოწვევები მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში იქნეს გადაჭრილი. სწორედ ამან განაპირობა, რომ განწყობები ნეგატიურ ჭრილში გადავიდა საქართველოსთან მიმართებაში”, – აღნიშნა ანა ანდღულაძემ და აქვე დასძინა, რომ წლებს თუ შევადარებთ, ევროინტეგრაციის მიმართულებით ქართველი ხალხის მხარდაჭერა მუდმივად მაღალი იყო, რაც ძალიან კარგი გზავნილია და დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ იციან ევროკავშირის ქვეყნებშიც და ბრიუსელშიც.

ანა ანდღულაძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში „ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის გაიხსნება მსგავსი შესაძლებლობა“.

„კანდიდატის სტატუსის მიღება ნამდვილად ბევრ რამეს ნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ სიმბოლო. ხშირად ამბობენ დღეს, რომ ეს არის ისტორიული მომენტი და მე ამ შეფასებას ყველანაირად ვეთანხმები. ახლა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, რაც ნიშნავს, რომ ამის გარეშე ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ იწყება გრძელი და კომპლექსური პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა დაახლოვდეს ევროპულ სტანდარტებთან. ეს დაახლოება აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გარდა იმისა, რომ ეს შეუწყობს დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებების დაცვას, ანგარიშვალდებულიანი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, ეს ასევე, აისახება ჯანდაცვის უკეთეს პირობებზე, განათლების ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

ამ ყველაფრის გარდა, კანდიდატის სტატუსის მიღებით ქვეყანა იძენს უფრო მეტად სტაბილური სახელმწიფოს იმიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას, რაც ასახვას პოვებს ეკონომიკაზე. ამიტომ საჭიროა პროაქტიური ნაბიჯები გადაიდგას და პროაქტიური მუშაობა იყოს იმ კუთხით, რომ დავარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, რომ შემდგომ ქვეყანა განახორციელებს იმ რეფორმებს, რაც იქნება საჭირო გაწევრიანების კუთხით.

წინა გაწევრიანების ტალღას რომ გადავხედოთ, ესტონეთი ძალიან კარგი მაგალითია იმის, რადგან საერთოდ, სხვა დონეზე იმყოფებიან ახლა ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე, აუცილებელია ფრთხილად იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებაში ევროსკეპტიკური მიდგომები არ გაღვივდეს.

ქართული საზოგადოება გამოირჩევა იმით, რომ უმრავლესობა უჭერს მხარს ევროკავშირს და ეს მხარდაჭერა რეფორმების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი.

ევროკომისიის მოსაზრებას ძალიან დიდი დატვირთვა ექნება, ეს იქნება რეკომენდაცია, მაგრამ სწორედ ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე წარიმართება მსჯელობა და დისკუსია წევრ სახელმწიფოებს შორის იმაზე, რამდენად სწორია ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის თუ პოტენციური სტატუსის მინიჭება. ვერ ვიტყვი, რომ ამ დასკვნის ზუსტი ასახვა მოხდეს წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ დიდი გავლენა ექნება და ამის მოლოდინი ნამდვილად არის.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გვექნება მეტი შესაძლებლობა მოლოდინებთან დაკავშირებით ცოტა უფრო ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ”, – განაცხადა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარმა, ანა ანდღულაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები