LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კოშაძე: „ჩემი მეუღლე გვიმზადებს უგემრიელეს კერძებს…“

2220
anakoshadzeexnews

ანა კოშაძე „რუსთავი 2“–ის დილას უძღვება. ერთი კვირა ყოველდღიურად ის იქნება ეთერში, შემდეგ კვირას კი დაისვენებს და შინ ოჯახის გარემოცვაში გაატარებს. ანას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, 11 და 8 წლის ბავშვებს საკმაოდ კარგად ართობს, ხან სამაგიდო თამაშებით, ხან „ჰარი პოტერის“ წიგნების ერთობლივი კითხვით, ხანაც კულინარიული ექსპერიმენტებით, გოგონებმა ამას წინათ, დედის დახმარებით პური გამოაცხვეს. ანასთან ერთად მისი მამიდა ცხოვრობს, რომელიც ყველანაირ სახლის საქმეში ეხმარება, ამიტომაც თავად სამზარეულოში დიდხანს ტრიალი არ უწევს, სამაგიეროდ, მისი მეუღლე უგემრიელეს კერძებს ამზადებს.

ანა კოშაძე:

რატომღაც შიში საერთოდ აღარ მაქვს. ოჯახის სხვა წევრებს, ვინც ჩემთან არ ცხოვრობს, არ ვნახულობთ, ბებიას, დედამთილ–მამამთილს… ჩემს ოჯახზე ნაკლებად მეშინია, მგონია, რომ თუ რამე იქნება, მოვერევით. მეტ–ნაკლებად ვითვალისწინებ რეკომენდაციებს, თუმცა ისეთ საქმიანობას ვეწევი, რომ მაკიაჟს პირბადეზე ვერ გამიკეთებენ… ჩემი მეგობრები მეუბნებიან, შენ რა გენაღვლება, მუშაობო. ახლა, შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში სიარული ერთგვარი გამონათებაა და სასიამოვნოცაა.

სამსახურში გავიყავით ორ ჯგუფად, ერთი კვირა დილის ექვსიდან ათამდე მიწევს მუშაობა, შემდეგ იმავე დღეს, მეორე დღის დასაგეგმად, ექვსიდან ცხრამდე. ყოველდღიურად ცოტა რთული რეჟიმია. შუადღეს ვცდილობ, გამოვიძინო. ახლა დავისვენებ და წავალ ისევ სამსახურში. სამაგიეროდ, შემდეგ ერთ კვირას დავისვენებ. მეორე სამსახურში დისტანციურად ვმუშაობ.

ბავშვებთან ერთად ყოფნა შინ ძალიან სასიამოვნოა. რა პოზიტიურ მხარეებზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, მაგრამ თუკი რაიმე დადებითის თქმა შეიძლება, ეს ბავშვებთან დიდი დროის გატარების შესაძლებლობაა. ჩემი შვილები ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან, თუმცა უმცროსს სჭირდება ხოლმე ჩემი მიხმარება. ადრე დამოუკიდებლად ამზადებდნენ გაკვეთილებს, ახლა მაინც არის საჭირო მშობლის ჩარევა.

ბავშვები ნაკლებად წუწუნებენ, რადგან ჩვენთან ერთად ერთობიან.

ბევრს შეექმნა პრობლემა, რით დააკავონ პატარები შინ დიდი ხნის განმავლობაში…

კარანტინის დასაწყისში სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით, ვვარჯიშობდით და ვკითხულობდით. კითხვას ახლაც ვაგრძელებთ, აღმოჩნდა, რომ „ჰარი პოტერი“ არც მე მქონდა წაკითხული და არც ჩემს უმცროს შვილს, უფროსს წაკითხული აქვს, მაგრამ დიდი სიამოვნებით მისმენს, როცა ხმამაღლა ვუკითხავ. უკვე მეოთხე წიგნს ვამთავრებთ. აქამდე თუ პირიქით იყო, რომ თავად მთხოვდნენ რაიმეს წაკითხვას და დრო არ მქონდა, ახლა იქით დავსდევ, წაგიკითხავთ–მეთქი. სამაგიდო თამაშები ცოტა მოჰბეზრდათ და უფრო მეტად იწევენ კომპიუტერისა და ტელევიზორისკენ, მაგრამ გვაქვს გამოყოფილი დრო და დაუსრულებლად ეკრანთან არ სხედან.

ძალები მოსინჯეს სამზარეულოში, ცომთან (იცინის). ახლაც დევს სამზარეულოში მათი გამომცხვარი პური. ჩემი დახმარებით გამოაცხვეს.

სახლშც და სამზარეულოშიც თავად ტრიალებ?

ჩემი მამიდა ცხოვრობს ჩემთან. ის, ფაქტობრივად, ბავშვების ბებიაა. უფრო მეტად ის ტრიალებს და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.

კულინარიული აღმოჩენები არ გაგიკეთებია?

არა, ამ ამბავმაც კი არ მიშველა. ჩემი პრეროგატივა უფრო მეტად მარტივი კერძების მომზადებაა, როცა რეცეპტს მივყვები. ცოტა რთულ კერძებს რაც შეეხება, იქ, სადაც ცოტა იმპროვიზირებაა საჭირო, არ გამომდის. სამაგიეროდ, ჩემი ქმარი არის კარგი კულინარი. როდესაც ის მზარეულობს, სამზარეულო „ფეთქდება“ და ჭერიდან გვიწევს მწვანილის ჩამოხსნა, მაგრამ მისი მომზადებული კერძები, ძირითადად, ხორციანი, ძალიან გემრიელია. მაცივარში ნაპოვნი ინგრედიენტებით შეუძლია კერძის მომზადება. ამას წინათ მოამზადა სატაცური კვერცხით, როცა გავსინჯე, სხვა გემოც ჰქონდა, პრასი დაუმატებია. არ ვიცი, ეს რეცეპტი არსებობს თუ არა, მაგრამ მე პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა.

როგორც მივხვდი, საბოლოო ჯამში არ იწყენთ.

ნამდვილად ასეა და საწუწუნოც არ გვაქვს. ზოგჯერ ბავშვებს გარეთ ვასეირნებ, ეზოშიც გადიან ხოლმე და ალბათ, ესეც აბალანსებს ყველაფერს. სკოლაში სიარული ყველას ეზარება და ჩემს შვილებსაც უხარიათ, რომ სკოლა არ არის. პატარა წუწუნებდა ონლაინგაკვეთილზე, მაგრამ მოვაგვარეთ (იღიმის).

სალონების დახურვამ შენზე როგორ იმოქმედა?

საკმაოდ უსიამოვნოა. ახლა, როგორც იცით, ჟღალი თმა მაქვს. ჩემს სტილისტთან ვერ მივდივარ, რამდენიმე ფერის ნაზავით მღებავდა, დამოუკიდებლად ამას ვერ მოვახერხებდი, ამიტომაც თმას ვიზრდი და ვაპირებ, დავიბრუნო ჩემი ბუნებრივი ფერი. მშურს იმ ადამიანების, რომლებიც თავად იკეთებენ ფრჩხილებს. ამას ვერ ვახერხებ და ვარ ისე, როგორც ვარ (იცინის). დავდივართ ქალები მოუვლელები…

მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურები. ანა, საკუთარი თავთან განმარტოების დრო გრჩება?

ვნახე რამდენიმე ფილმი, უფრო მეტი დრო მაქვს საკითხავად. მარიო ვარგას ლიოსას „დეიდა ხულიას“, რომელიც აქამდე არ მქონდა წაკითხული. ძალიან კარგი ავტორია, მიყვარს… დიდი სია მაქვს, წიგნების ჩამონათვალი და ნელ–ნელა ვეცნობი. ვირუსამდე პერიოდი, მეორე სამსახური რომ დავიწყე, სრული სიგიჟე იყო, ჯერ გავრბოდი სამსახურში, მერე ბავშვებს სხვადასხვა წრეზე დავატარებდი, უცებ კი ეს ყველაფერი მორჩა და აღმოჩნდა, რომ უამრავი დრო მაქვს. გამოვცადე სხვადასხვა შეძენილი ნიღაბი და თვალის „პაჩებიც“ კი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

რაც შეეხება სერიალებს, ვცდილობ, ახალი სერიალები ვნახო, სადაც ცოტა სერიაა, რადგან ერთ–ერთი ადრინდელი გამოცდილება არ მომეწონა – ხუთ დღე–ღამეში ვნახე „სამეფო კარის თამაშების“ სამი სეზონი, როგორ მოვახერხე, არ ვიცი, მაგრამ გავათენე ხუთი ღამე. იმდენად მაინტერესებს, რომ ვეღარ ვჩერდები ხოლმე. ბოლო დროს ვუყურე სერიალს ჯენიფერ ენისტონის მონაწილეობით, „დილის შოუს“, საკმაოდ მსუბუქია და ერთი სეზონია. ასევე ვნახე ფილმი „მწვანე წიგნი“ და ყველას ვურჩევ, ძალიან კეთილი ფილმია. ამ ბოლო დროს ასევე ვნახე „პარაზიტი“, ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა იმედგაცრუება მქონდა. ამდენი რეკლამის ფონზე, ალბათ, არ ვარ პროფესიონალი შემფასებელი, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი მაყურებლის მხრიდან ვიტყვი, რომ ცოტა მეტს ველოდი.

შინ, როგორც აღნიშნე, ვარჯიშობ…

სახლის პირობებში ვვარჯიშობ. თავდაპირველად დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი, მაგრამ დროს ვწელავდი, რთულია შინ ყოფნისას… შემდეგ ჩემმა ფიტნესინსტრუქტორმა ონლაინგაკვეთილები დაიწყო და ახლა „ზუმის“ საშუალებით ვვარჯიშობ, ინსტრუქტორის მითითებებით. როცა ვიცი, რომ მელოდებიან, უნდა შევიდე და ვივარჯიშო, კარგად ვიტვირთავ თავს. ასეთი მონდომებით არასდროს მივარჯიშია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული ყოფილა შინ ყოფნისას ჯანსაღი კვების დაცვა, რადგან სულ დავდივარ და ვსუსნაობ. იმედია, ეს ჩემს წონაზე არ აისახება. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ მთავარია განწყობა. არ უნდა ჩაიციკლო რაღაცებზე.

კიდევ რა დამოკიდებულებები შეცვალე ამ ბოლო დროს?

ბევრისგან გავიგე, წავიკითხე, რომ რაღაცები გადააფასეს. მე კი მგონია, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდებით დედამიწას. თუნდაც როცა დავინახეთ, რამდენად თავისუფლად ვსუნთქავთ გამონაბოლქვის შემცირებისას, შესაძლოა, მოტივატორი გახდეს, რომ დაქოქილ მანქანაში არ ვისხდეთ და ის სამი წუთიც კი, ტყუილად დაქოქვისას, მანქანა აბინძურებს გარემოს. ცოტ–ცოტა რაღაცები შეიცვლება, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, ძველებურ რიტმს დავუბრუნდებით და შეიძლება, უფრო გიჟურიც იყოს… ალბათ, ყველა ქუჩაში გამოეფინება, იმედია, მალე, ოღონდ მას შემდეგ, რაც ნებას დაგვრთავენ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები