LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციები და კორონავირუსი: ეს ნიშნავს დაახლოებით 1% გარდაცვლილ ადამიანებს

397
FORTUNA.GE (30)

საქართველოში არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არავის გვიკვირს. 31 ოქტომბრის შემდეგაც ოპოზიციური პარტიის უმრავლესობამ განაცხადა, რომ ხმები გაყალბდა და არავინ აპირებს „მოპარული ხმები“ ბიძინა ივანიშვილს შეარჩინოს.

მოკლედ ქვეყანაში უცნაური ვითარება შეიქმნა. ყველა პარტია ფიქრობს, რომ გამარჯვებულია. განაწყენებულები კი პანდემიის მიუხედავად, აქციებს მართავენ. სამწუხაროდ, რეგულაციების დაცვა არავის ახსოვს.

ემოციური სპიკერები, ჟურნალისტების ბევრი მიკროფონი სპიკერებთან ახლოს და ბოლო ხმაზე ემოციურად მოსაუბრე პოლიტიკოსები.

ეს ყველაფერი  1 ნოემბერს პარლამენტის წინ ვიხილეთ. 8 ნოემბერს კი კიდევ ერთი აქცია დაანონსდა.

 

„ფორტუნა“ დაინტერესდა რა შეიძლება მოჰყვეს რეგულაციების დარღვევას რუსთაველზე. 

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ პოლიტიკოსებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და თუ რაიმეს გაპროტესტება უნდათ, რეგულაციებიც უნდა დაიცვან.  

ნებისმიერი შეკრება და თავყრილობა, სადაც არ იქნება დისტანცია დაცული, არ იქნება პირბადე გამოყენებული, ამას ჰქვია სუპერგავრცელების ღონისძიება. ექიმის პოზიცია სხვანაირი არ შეიძლება, რომ იყოს. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ძალიან დიდ რისკს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი გაიზარდოს და ის დასტაბილურების ტენდენცია, რაც ბოლო დღეებში შეინიშნებოდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ისევ თავზე დაგვენგრეს. ეს ძალიან გასათვალისწინებელია. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ადამიანების სიცოცხლეა პირველ რიგში მნიშვნელოვანი და მერე სხვა დანარჩენი.

როდესაც ამერიკაში აქციების ტალღა დაიწყო, უფრო გავრცელდა ვირუსი. ფაქტია, რომ მაგალითი მსოფლიოს აქვს და უნდა გავითვალისწინოთ.

ნებისმიერი შეკრება, სადაც წესებს არ დაიცავენ, საშიშია. თეთრ სახლში, როდესაც დისტანციის გარეშე შეიკრიბნენ, 17 თანამშრომელს დაემართა კორონავირუსი, მათ შორის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს. კორონავირუსი არ არჩევს პრეზიდენტი ხარ, შავი ხარ, თეთრი, მაღალი თუ დაბალი და რა რელიგია გაქვს. ნებისმიერ ადამიანს ემართება, ვინც წესებს არ იცავს.

თქვენი რეკომენდაცია რა იქნება, თუ მაინცდამაინც გარდაუვალია აქციის მოწყობა, ის როგორ უნდა გაიმართოს?

გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელი. მაგრამ აქციის მონაწილეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარება. ამით უნდა დაიწყოს აქცია და ამით უნდა დამთავრდეს. ამ წესების დაცვა იმპერატიულად უნდა იყოს მოთხოვნილი ყველა აქციის მონაწილის მიმართ. შეკრების თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მით უფრო როცა ადამიანები აპროტესეტებენ და აზრს გამოხატავენ, მაგრამ ორგანიზატორებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

პირველი ნოემბრის აქციდან ორ კვირაში უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას?

7-დან 14 დღე არის ვირუსის ინკუბაციის პერიოდი, როცა ადამიანს ვირუსის შეხვედრის შემდგომ სიმპტომები უვლინდება. რა თქმა უნდა, თუ რაიმე გავლენას მოახდენს ეს ეპიდემიაზე, აისახება 1-დან 2 კვირამდე პერიოდში.

შემთხვევების მატება ჯანდაცვისთვის უკვე წითელი ხაზი იქნება? გაუმკლავდება ქვეყანა კიდევ უფრო მომატებულ შემთხვევებს?

რა თქმა უნდა, ინფექციის ნებისმიერი მატება ნიშნავს ახალ პაციენს, ეს ნიშნავს იქიდან 15-20%-ს სავარაუდოდ საავადმყოფოში მოხვედრილ პაციენტს და ეს ნიშნავს დაახლოებით 1% გარდაცვლილ ადამიანებს. რეგულაციების დარღვევა ადამიანების სიცოცხლეში  და სიკვდილობაში ითარგმნება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g