LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება“ – საქართველოში, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

348
მზა

ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა.

დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა.

საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში.

პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის – რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.

ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,“– აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g