“არასწორია, მე ვილაპარაკო სახელებზე და გვარებზე, იქნება თუ არა რომელიმე ადამიანი კონკრეტულ თანამდებობებზე, მით უმეტეს, რომ ის არჩეული პირია. ამას გვაჩვენებს მომავალი, მისი პირადი გადაწყვეტილება,” – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თამარ ჟვანიას თანამდებობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, დარჩება თუ არა ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც”მოქალაქეებთან” მემორანდუმით გაფორმებულ საარჩევნო ცვლილებებს მიიღებენ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თემის განხილვას მაშინ ექნება აზრი, თუ პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატი იქნება, რადგანაც მსგავს ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
“ჩვენ ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რამდენი ადამიანი შემოვა პარლამენტში, შესაბამისად, ვერც იმას ვიტყვით, განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება. რადგან მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ, სადაც წერია, რომ 0-დან 3%-მდე ვიმსჯელებთ, კი ბატონო, აქაც არის არგუმენტები. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესაძლებელია ამაზე მსჯელობა, მაგრამ ეს არ იქნება ძირითადი საკითხი, რადგან აზრი რომ ჰქონდეს, გონივრული მოლოდინი რომ იყოს – უნდა დავდგეთ რეალობის წინაშე, რომ 113 დეპუტატზე მეტი საქართველოს პარლამენტში იქნება,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.