LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს – რაც ამ დღეებში მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია, სიძულვილი და სიმყრალეა: ანდრია ჯაღმაიძე

56
ანდრია-ჯაღმაიძე-1

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენების დროს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. მისივე თქმით, ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, იმ სასულიერო პირმა, რომელიც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა „სასტიკი საყვედური მიიღო.“

„ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა, დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და მან საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება მომაწოდეთ და განვიხილავთ,“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე – რატომ არ მოუწოდა საპატრიარქომ მრევლს ძალადობის შეჩერებისკენ, ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ მშვიდობისკენ მოწოდებაზე განცხადებები საპატრიარქოს მიერ რამდენჯერმე გაკეთდა.

„თქვენ ეტყობა არ გინახავთ ჩვენი განცხადებები. გავრცელდა დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდების. მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. გარდა  ამისა, იყო საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული დაახლოებით 5 განცხადება,“ – თქვა დეკანოზმა.

მისი თქმით, საპატრიარქომ წინასწარაც გააკეთეა განცხადება და აფრთხილებდა ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს.

„რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის“ მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი” გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებელობა.

ნახეთ ჩემი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება. გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების მიმართ ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს და აუცილებლად მივიღებთ ზომას“, – აღნიშნა დეკანოზმა.

დასმულ შეკითხვაზე – იზიარებს თუ არა მეუფე ანტონის განცხადებას, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, ჯაღმაიძემ თქვა, რომ „ეს ჟურნალისტები ბრალი არ არის“.

„მე ვფიქრობ, რომ თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციების. მე მინდა მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არიან იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ?

მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამე და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. მე არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს.

სხვა საქმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ტელევიზიის რედაქციებზე ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი ამ პერიოდში, ამ დღეებში მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი მანდ გაისმა ეკლესიის მიმართ”, – აღნიშნავს დეკანოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები