გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის განცხადების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილმონაცვლეობის პრინციპით შემოსასვლელი დეპუტატობის კანდიდატების საბუთები წარადგინა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კი მათი სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ”კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიით შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. ეს მოთხოვნა ჩვენი კომიტეტის წევრების მხრიდან არის წარმოდგენილი. ამიტომ, რადგან სამ ადგილმონაცვლესთან დაკავშირებით საბუთები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გვაქვს და რიგგარეშე სესიის მიმდინარეობის პროცესში ვართ, ჩვენ შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამ პიროვნებებს დღესვე მივაწოდოთ ბიუროს ჩვენი კომიტეტის დასკვნა”.
”პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის წევრმა, დავით ზილფიმიანმა განმარტა, რომ პარლამენტში აუცილებლად უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი. ამიტომ, ოპოზიცია წარმოდგენილი უნდა იყოს.
”ყოველთვის აქტიური ვიყავი. როდესაც ჩავთვალე, რომ უნდა შევსულიყავი პარლამენტში – შემოვედი. სხვა დროსაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ქვეყანა უნდა გადაგვეყვანა ციფრულ მაუწყებლობაზე, ამიტომ პარლამენტარობის დრო არ მქონდა. არ გეგონოთ ამით რაღაც წინსვლა მაქვს ანუ, პირიქით, არც ფინანსურად და არც იმ საქმის სიყვარულით, რასაც დღემდე ვაკეთებდი, მასთან პარლამენტარობა არაფრით არის მეტი, მაგრამ დღეს, როცა ჩემი საქმე პირნათლად გავაკეთე. დავინახე ის კრიზისი, რისკენაც ქვეყანა მიექანება. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე”. – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 4 იანვარს, პარლამენტის სამ წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში კი 31 ოქტომბრის არჩევნების სადავო შედეგების შემდეგ, დღეს პირველად არაერთპარტიული სხდომები ჩატარდება. დავით ზილფიმიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში შედიან ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე და ფრიდონ ინჯია. რაც შეეხება, პარტიის ლიდერებს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს, მათ მანდატებზე უარი თქვეს.