„ასეთი უცნაური რამე დამემართა, მიხეილ ყაველაშვილმა მომიხსენია“, – ასე გამოეხმაურა დათო ტურაშვილი „ტვ პირველის“ ეთერიდან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს
„ჩემთვის ბოდიშის მოხდა ყველაზე ადვილია. ოღონდ თავი ვიგრძნო დამნაშავედ, ვგიჟდები ბოდიშის მოხდაზე. სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ მახსენა მიხეილ ყაველაშვილმა. მე ის არასდროს მიხსენებია. მით უფრო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ მიხსენებია, იმიტომ რომ საერთოდ არ მქონია ეჭვი, რომ ეს კანონპროექტი მისი ინიციატივა იყო.
არ ვიცი, რა უნდა გაეკეთებინა, რომ მე ის მეხსენებინა. ვიცი, სიტყვა რა არის. მე იმ დონეზე მიყვარს მისი ოჯახის წევრები, რომ მათ ვერ ვაკადრებდი, რომ როდესიმე მეხსენებინა, მაგრამ რადგან მან იკადრა და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რაც არავის მოუყენებია. როგორც თქვა კარგად მიცნობს, მაგრამ აშკარაა კარგად არ მიცნობს.
კარგად რომ მიცნობდეს, ეცოდინებოდა, რომ ჩემი პატრონი მარტო მე ვარ ამ სამყაროში.
რომ ამბობს, „ფორმულაში“ რატომ დადის, რომლის პატრონი კეზერაშვილიაო.
სინამდვილეში მე არც ხელფასს ვიღებ და არც ხელშეკრულება მაქვს. დავდივარ არა იმიტომ, რომ კეზერაშვილი მომწონს, დავდივარ იმიტომ, რომ მაქვს შესაძლებლობა იმაზე ვილაპარაკო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რაც ყველაზე აუცილებელი მგონია, ესაა წიგნები და განათლება“. – თქვა დათო ტურაშვილმა.