LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში წონის დასაკლები პრეპარატი, „ვეგოვი“ დაამტკიცეს

1042
197970675-531907837825446-6134731865404201909-n

მედიკამენტი „ვეგოვი“ 2014 წლის შემდეგ პირველი წონის დასაკლები პრეპარატია, რომელმაც აშშ-ის „საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ დასტური მოიპოვა.

პრეპარატი, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია „ნოვო ნორდსიკი“ აწარმოებს, წონის დასაკლები საშუალებაა. თუმცა იგი  სრულებით ახალ სამკურნალო საშუალებას არ წარმოადგენს. იგივე წამალი “სემაგლუტიდის“ სახელით აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წლების მანძილზე გამოიყენებოდა დიაბეტის საწინააღმდეგოდ. თუმცა, მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ მას მადის ეფექტურად დაქვეითებაც შეუძლია.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2000-მდე ჭარბწონიანი და სიმსუქნის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი მონაწილეობდა, ნამდვილად შთამბეჭდავია. კვლევებში მონაწილეებმა წონის დაახლოებით 15%-ის დაკლება შეძლეს, ზოგმა მათგანმა კი, კონკრეტულად 30%-მა კლების 20%-იან ზღვარსაც მიაღწია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ბრიტანელი მკვლევრის, რეიჩელ ბეთერჰემის განცხადებით, პრეპარატი გარღვევა იქნება სიმსუქნის მკურნალობის საქმეში, რადგან მისი წყალობით ახლა ისეთი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, რაც ადრე მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გზით მიიღწეოდა.

„ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებული იქნება „ვეგოვის“ გამოყენება სიმსუქნის და ჭარბი წონის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, ვისაც სიმსუქნით გამოწვეული ჯანმრთელობის ერთი პრობლემა მაინც აქვს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: ქოლესტერინის მაღალი დონე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია.

მედიკამენტი შემდეგი პრინციპით მუშაობს: ის ორგანიზმს ჰორმონ „გლუკაგონის“ მსგავს პეპტიდ-1-ს აწვდის, რისი წყალობითაც პაციენტი თავს დანაყრებულად გრძნობს და ნაკლებ საკვებს იღებს. თერაპიის ფარგლებში პაციენტები მედიკამენტის კვირაში ერთ ინექციას იღებდნენ.

აშშ-ში სიმსუქნე და ჭარბი წონა ნომერ პირველი პრობლემაა. სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის (20 წელზე უფროსი) 73.6% ჭარბი წონით ან სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხით იტანჯება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ახალი მედიკამენტის საბაზრო ღირებულება, თუმცა არის ვარაუდი, რომ ჯერჯერობით პრეპარატი მასიურად ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები