LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიული OMV Petrom საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს

92
xpetrolio-libia-thegem-blog-default.png.pagespeed.ic.Z-ZeNlYEcO

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ნავთობსა და გაზს მოიპოვებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენასა და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანიასთან – OMV PETROM-თან და მზად არის, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ნათია თურნავას  შეფასებით, საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის  მაღალი რეპუტაციის  მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოელი ინვესტორების მიმართ. მისი თქმით, მთავარი რამაც ამ კომპანიის შემოსვლა განაპირობა, არის გახსნილობა, საუკეთესო ბიზნესგარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის ის, რომ ჩვენი მთავრობა ერთგულია ევროპული რეფორმების კურსის.

შეხვედრაში OMV PETROM-ის მხრიდან მონაწილეობდნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვეჩერე, შეფასებისა და კვლევების დირექტორი ბერნარდ კრაინერი და ბიზნესის განვითარებისა და კომერციული დირექტორი ხოსე რაფაელ დუქ-რამირესი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა  ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო OMV Petrom SA-ის მხრიდან – ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და ბერნარდ კრაინერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი, დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების  შედეგებზე. 

ანალოგიური პროექტი – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებისაა. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში. კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g