LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: როდესაც შევთანხმდებით ქალების სრულფასოვნებაზე, როდესაც ვაღიარებთ ქალის თავისუფლებას, მაშინ დასრულდება ფემიციდი და გენდერული ჩაგვრა

66
ბაია პატარაია

„როდესაც შევთანხმდებით ქალების სრულფასოვნებაზე, როდესაც ვაღიარებთ ქალის თავისუფლებას და არჩევანის უფლებას, როდესაც მივხვდებით, რომ ქალი ისეთივე ადამიანია, როგორც კაცი, მაშინ დასრულდება ფემიციდი და გენდერული ჩაგვრა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს.

აღნიშნული განცხადებით ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის „საფარის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველის ფორმაში ჩაცმულმა მოქალაქე ქეთი წიკლაურმა დაწერა: „არ ვამართლებ ქალზე ძალადობას, მაგრამ იმ კაცებისაც მესმის, ცოლები რქებს რომ ადგამენ და მერე გაუწონასწორები ხდებიან.“

ბაია პატარაია ამ ფაქტის შესახებ „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს:

„პოლიციელი წერს, ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამო ქალი რომ კაცს გაეფლირტავება, ყველა სხვა ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხესო. ჯერ ერთი – რა მაგრამ?! ფემიციდზე რომ „მაგრამს“ იტყვი, უკვე მკვლელს ამართლებ; მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – შეიგნეთ, რომ ქალი არის სრულფასოვანი ადამიანი, რომელიც თვითონ წყვეტს ვისზე იქორწინოს, ვის გაშორდეს და ვის და როდის ეფლირტაოს. დიახ, გათხოვილი ქალიც მარტო და დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ პირად ცხოვრებას, იმიტომ რომ მონა არ არის – ადამიანია!

ამ პოლიციელმა აშკარად არ იცის, რომ ქალი ქმრის ან კაცის ნივთი და მონა არ არის და სრული თავისუფლება აქვს დამოუკიდებლად მართოს პირადი ცხოვრება. სანამ ამას არ შეიგნებთ, ყოველთვის „გააპრავებთ“ ფემიციდს.

და საერთოდ, რა სამარცხვინოა ფემიციდის გამართლება ფლირტით? ფლირტის ან ღალატის გამო რომ ვკლავდეთ ადამიანებს, კაცები ამოწყდებოდნენ.
ერთგულება მხოლოდ ქალებითვის რომაა სავალდებულო, როდის უნდა ვაღიაროთ? ბევრი ქალი ცდილობს, კაცზეც გაავრცელოს ერთგულების ვალდებულება და სწყინს, რომ არ გამოსდის. სინამდვილეში, ყველა ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი პირად ცხოვრებაში და საკუთარი პასუხისმგებლობით იცხოვროს.

შეეშვით ერთგულების ქალებისათვის თავსმოხვევას. არც კაცი და არც ქალი არ არის ვალდებული! ერთგულება არჩევანია და არა ვალდებულება – კაცებში ასეა, ჰოდა, დროა ქალებშიც ასე იყოს. ფემიციდი დგას ქალის თავისუფლების არაღიარებაზე და ქალის დამონებაზე, რადგან ბევრი კაცი თვლის, რომ თავად თავისუფალია, ქალი კი მონაა.

როდესაც შევთანხმდებით ქალების სრულფასოვნებაზე, როდესაც ვაღიარებთ ქალის თავისუფლებას და არჩევანის უფლებას, როდესაც მივხვდებით, რომ ქალი ისეთივე ადამიანია, როგორც კაცი, მაშინ დასრულდება ფემიციდი და გენდერული ჩაგვრა.

დამატება: შსს-მ განაცხადა, რომ „ფეიქ“ პროფილითაა გავრცელებული. სამწუხაროდ, მხოლოდ ბოტები არ ფიქრობენ ასე.“– წერს ბაია პატარაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები