“ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, თუმცა მკაფიოდ ვთქვი, რომ თუ რუსეთი სამიზნეში ამოიღებს უკრაინაში მყოფ ამერიკელებს, მტკიცედ ვუპასუხებთ. თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს, როგორიცაა კიბერთავდასხმები ჩვენს კომპანიებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მზად ვართ, ვუპასუხოთ”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენის განცხადებით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას რუსეთმა, იქნება ეს დიპლომატია თუ თავდასხმა, აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მზად იქნება.
“თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და ნგრევა, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის იქნება საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობა. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტად უპასუხებენ”, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე ისაუბრა რუსეთის განცხადებაზე, რომ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანას აპირებს.
ბაიდენის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა კვლავაც შესაძლებელია და შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მოეპოვება დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარების ნაწილებმა დატოვეს უკრაინის საზღვრისპირა რეგიონი.
„ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, რაც სავსებით შესაძლებელი რჩება,“ თქვა ბაიდენმა.
დასავლეთის ქვეყნების თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 130 ათასამდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი, რაც შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას ნიშნავდეს.