LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

162
რუსული სკოლა ბათუმში

ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

School club georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия – ასეა მითითებული  ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩის №57ა-ში მდებარე სკოლის ორსართულიანი შენობის ბანერზე. თუმცა როცა შენობაში შედიხარ, სკოლის მასწავლებლები და ასევე დირექტორი ნატალია გეორგიევა კერძო საუბარში ადასტურებენ, რომ ეს არის არა სასკოლო კლუბი ან განმავითარებელი ცენტრი, არამედ  კერძო რუსული სკოლა, რომელიც ჯერჯერობით პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს რუსულენოვან მოსწავლეებს. თუმცა ოფიციალური კომენტარის დროს გეორგიევა უარყოფს, რომ ეს დაწესებულება სკოლაა.

გამოცემა წერს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ასევე აცხადებენ, რომ თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.

არსებული ინფორმაციით, ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.

„ბათუმელების“ კითხვას, რა ფორმითაა ეს რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში რეგისტრირებული, სკოლის დირექტორმა ნატალია გეორგიევამ არ პასუხობს. ის არ პასუხობს ასევე კითხვაზე,  რომელი ქვეყნის მოქალაქეა თავად. საჯარო რეესტრის მონაცემებით ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევა“ 2019 წელს დაარეგისტრირა. სკოლის დირექტორი ბათუმში, ფალიაშვილის №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში 263.18 კვ/მ ფართობის მესაკუთრეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები