ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ვრცლად ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბაღის ასაკის ბავშვებისთვის თამაში და არა წერა-კითხვის უნარების განვითარება:
„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.
საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე“ განაცხადა გაგოშიძემ პოდკასტში, რომელსაც „მშობლები განათლებისთვის“ ავრცელებს.