გაუგონარი ამბის მომსწრე ვართ საზოგადოება დაახლოებით ერთი თვეა, არადა, ეს გაუგონარი ამბავი თურმე წლებია გრძელდება, წლებია სახალხი დამცველი თავის ანგარიშებში წერს, მაგრამ ბავშვების უმძიმესი ისტორიები ამ დრომდე მხოლოდ ფურცლებზე იყო. ვსაუბრობთ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებზე, მათ მძიმე ყოფასა და სასტიკ მოპყრობაზე.
ბოლო დღეებია ამ თემაზე ერთი მეორის მიყოლებით იმდენი ახალი ისტორია და ახალი ამბავი გვესმის, დღეს გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის მხოლოდ უფლებადამცველების კომენტარები კი არ შემოგვთავაზებინა, აღგვედგინა სრული სურათი და მოკლედ გვეჩვენებინა არა მხოლოდ ის, რაც ნინოწმინდის პანსიონში ხდება, არამედ ისიც, რაც ზოგადად ქვეყანას სჭირს – საპატრიარქოს, ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის გულგრილობაზე უნდა მოგიყვეთ, მაგრამ მანამდე – თავად პანსიონზე.
ბავშვები ნინოწმინდის პანსიონიდან
ფართო საზოგადოებისთვის ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უმძიმესი ისტორიები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა, როცა ამ თემაზე სიუჟეტები მომზადდა, საქმეში ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ჩაერთო და სასამართლოს გზით შეეცადა პანსიონში შესვლას. არადა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ თემაზე სახალხო დამცველი წლების წინ საუბრობდა. თავიდან ზოგადად გვითხრეს, რომ ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, იძულებით აკეთებინებდნენ მეტანიებს, სცემდნენ, დასჯის მიზნით 24 საათის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილს ამყოფებდნენ და ა. შ. გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, როცა ეს ამბები ერთ–ერთმა სრულწლოვანმა მედიასთან მოყვა. 19 წლის ბიჭი პანსიონში 15 წელი ცხოვრობდა და დეტალურად იხსენებს, რა პირობებში უწევთ იქ ბავშვებს ცხოვრება.
გვცემდნენ ლოგინის „რეიკებით,“ ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით, შუადღეზე რეიტუზებით თვალებს გვიკრავდნენ - რას ჰყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი
. „იყო ფაქტები, როდესაც აღმზრდელებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი იყო ნასამართლევი 14 წლის ბავშვის გაუპატიურებზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა,“ - ამბობს ყოფილი აღსაზრდელი.
“მე მანდ მოვხვდი 2001 წელს. ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემთვის მოევლო. ამიტომ, მშობელმა დედამ დამტოვა ერთი კვირის ასაკში, ნინოწმინდის პანსიონის ჭიშკართან.
შიგნით შემიყვანეს. როცა წამოვიზარდე და უკვე ჭკუა მომეკითხებოდა, კარგად გავერკვიე, იქ რა ხდებოდა. იქ ხდებოდა ისეთი რამეები, რის მიმართაც პროტესტიც გამიჩნდა.
ამ პროტესტის გამო იქ ბევრჯერ ვუცემივარ. ბრინჯზე და პურის მარცვლებზე დავუყენებივარ მუხლებით. კიდევ იყო თითებზე სახაზავის გადამტვრევის ფაქტებიც. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მე ვაპროტესტებდი, იქ რაც ხდებოდა. არ ვემორჩილებოდი მასწავლებლებს.
შუადღეზე რომ არ გვეძინებოდა, ერთი მასწავლებელი თვალებს გვიხვევდა და ძალით გვაძინებდა რეიტუზებით”, – ჰყვება პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.
19 წლის ბიჭმა ისიც გაიხსენა, როგორ აბულინგებდნენ ბავშვებს მათი გენეტიკური თუ სხვა პრობლემების გამო, როგორ შემოაკვდათ ცემაში 7 წლის ბავშვი, რაზეც მისი თქით, იქ ყველამ ყველაფერი იცოდა.
საპატრიარქოს და ხელისუფლების შეხმატკბილებული რიტორიკა
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა.
ამ კონკრეტული პანსიონის შემთხვევა ნათლად აჩვენებს პასუხისმგებელი პირების დამოკიდებულებას ბავშვების უმძიმესი მდგომარეობის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ამ საკითხზე მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდება. მაშინ, როცა ახლა უკვე უტყუარი ინფორმაციაა იქ მყოფი აღსაზრდელების მძიმე ყოფაზე, რაზე ვსაუბრობთ – რა შეთანხმება, ვისთან შეთანხმება, რის შესახებ შეთანხმება – ნუ ავიწყდებათ, რომ ყველა ბავშვზე, რომელიც იზრდება ბავშვთა სახლში პასუხისმგებელია სახელმწიფო.
პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოსაყვანად PHR სასამართლოს მიმართავს
მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი, - წერს ანა არგანაშვილი.
“ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, სადაც უნდა იყოს ის. რაც შეეხება ომბუდსმენს – აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებს“, – თქვა თალაკვაძემ.
და ამ დროს თქვენი აზრით, რას აკეთებს საპატრიარქო. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ ნინოწმინდაში ჩასვლას და იქიდან ბავშვების გამოყვანას, როგორც ჭეშმარიტ მოწრმუნეებს შეეფერებათ, ამის ნაცვლად, როგორც ჭეშმარიტად არაჰუმანური ადამიანი მოიქცეოდა, ასე იქცევიან, ავრცელებენ 4 წინადადებიან განცხადებას:
“სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.
რას ამბობს უფლებადამცველი და სახალხო დამცველის აპარატი
ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ვითარება თითქმის ყოველდღიურად იცვლება და შესაძლოა, საბოლოოდ, სახალხო დამცველს მისცენ უფლება, რომ შევიდეს და ბავშვებს გაესაუბროს, მანამდე კი ჩვენ ომბუდსმენის მოადგილეს ეკა სხილაძეს ვესაუბრეთ.
“ამ დროისთვის, 56 არასწრულოვანი უგულებელყოფილია სახელმწიფოს მხრიდან და ამ დრომდე ადგილზე არსებულ ვითარებას ვერ ვეცნობთ, ვერც ბავშვებს ვესაუბრებით, რათა ვნახოთ ის მძიმე პრობლემები, რაზეც წლებია ვსაუბრობთ, გადაიჭრა თუ არა. წლებია, სახელმწიფოსთვის ცნობილია ეს პრობლემები. ასეთი დიდი ზომის დაწესებულების არსებობა დაუშვებელია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, მაგრამ არ იყო ეფექტიანი, ვგულისხობ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ზრუნვის სააგენტოსთან კომუნიკაციას, რომლებსაც ევალებათ ამ ბავშვებზე ზრუნვა. ეს არის დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებულია და უნდა აკმაყოფილებდეს სათანადო პირობებს. ჩვენ ვსწავლობთ იქ მყოფი ბავშვების მდგომარეობას, მათ შორის, სკოლაში მივედით, მაგრამ არ დაგხვდნენ, სავარაუდოდ იცოდნენ ამის შესახებ. ამ ბავშვების სოციალური იზოლაცია გრძელდება”, – ამბობს ეკა სხილაძე.
რაც შეეხება უფლებადამცველებს, ანა აბაშიძე გვეუბნება, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს.
“სახელმწიფო რომ დუმს, ეს არ ნიშნავს, რომ ოდესმე დავიღლებით. ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად ბავშვები, რომლებიც გალიაში ჰყავთ გამომწყვდეულები, ისინი უკეთეს გარემოში იცხოვრებენ. ამის პირობა პირდაპირ შემიძლია დავდო. 40-ზე მეტი მსგავსი დაწესებულება დაიხურა, სწორედ, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გამო. საბოლოოდ, ეს ბავშვთა პანსიონატი უნდა დაიხუროს. ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს კონფიდენციალური კომუნიკაცია პირებთან, ვისაც შეუძლია თავისი წუხილი უთხრას, დაელაპარაკოს სახალხო დამცველს, გასაჩივრების უფლება აქვს, ყუთები უნდა იყოს ჩამოკიდებული, სადაც ფარულად უნდა ვარდებოდეს წერილები და მას სახალხო დამცველი ფარულად უნდა ამოწმებდეს”, – ამბობს ანა აბაშიძე.
ამ დროისთვის, გვაქვს ასეთი სიტუაცია –ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა. მათივე განცხადებით, ეს მას შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რაც პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურის შესვლის შესაძლებლობა მიეცა.
უწყების განმარტებით, პანსიონი უკვე დატოვა 6-მა ბავშვა და ისინი მათი ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ზრუნვის ფორმაში გადაიყვანა. “ამჟამად, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ჯერ კიდევ გუშინ კი, ისევ მედიის საშუალებით ცდილობდნენ უფლებადამცველები საზოგადოებისთვის ხმა მაქსიმალურად მიეწვდინათ, პროკურატურასთან გაიმართა აქციებიც, სადაც გუშინ დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც ორი აქტივისტი დაშავდა, რამდენიმე დააკავეს კიდეც.
ახლა უკვე მნიშნელოვანია, რა ამბავს გამოიტანენ უწყებები პანსიონიდან, რადგან დიდი ალბათობით, მოზარდებზე ზეწოლა ხორციელდება. ამას მოწმობს, თუნდაც, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც ბავშვები ჰყვებიან, რომ მათ კარგად ექცევიან. ნაწილი კი ამბობს, რომ ზოგჯერ სჯიან, მაგრამ მეუფე სპირიდონმა ამის შესახებ, მოზარდების თქმით, არაფერი იცის.