„ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს.
სააგენტოს განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
„მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა უკვე უზრუნველყო.
ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10- მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მუშაობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან”,– ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში სააგენტოს ფსიქოლოგებიც ჩაერთნენ.