ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით:
“მინდა ორი სიტყვით გამოვეხმაურო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ საკითხს. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ეს განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში.
ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით. ამჟამად, პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ – არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი იქ აღმოფხვრილია.
ეს არის ამჟამად ამ დროისთვის მუშაობის შედეგი. ბუნებრივია, ეს არ იქნება ამ მიმართულებით მუშაობის საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა მონიტორინგი რეალურად განახორციელოს. კომიტეტიც იქნება ჩართული როგორც აქამდე იყო ამ საკითხების გადაჭრაში.” – თქვა სარჯველაძემ.
ამავე თემაზე წაიკითხავთ:
ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე