LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრ უცხო ქართველს შეხვდებით აქ ეკლესიასთან…დგანან ხოლმე მდუმარედ, თავდახრილები და ემშვიდობებიან კაცს, რომელსაც შეიძლება არც იცნობდნენ, არასდროს უყვარდათ – გიგა მაქარაშვილი უკრაინაში მყოფ ქართველებზე

74
გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფ ქართველებზე წერს და განმარტავს, რომ ომმა  „უკრაინელები ასჯერ უკეთესებად აქცია! ქართველებიც შეცვალა და ერთად დგომა ასწავლა!“.

„უკრაინაში მყოფ ქართველებზე მინდა მოგიყვეთ ცოტა…

ქართველები ომამდეც ბევრნი იყვნენ აქ. კარგები, ცუდები, ჩვეულებრივები, უცნაურები.

ისევე როგორც სხვაგან, ქართველები აქაც ერთმანეთზე ცუდის თქმით იწონებდნენ ხოლმე თავს. „ქართველებს არ ვეკარები ძმააა“, „ქართულ ლაპარაკს რომ ვიგებ, ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ“, „იმენა მცხვენია რომ მეც და ეგეც ქართველები ვართ“…

ჰო და ახლა აქ ომია და ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ბევრ უცხო ქართველს აქ შევჩენკოს ბულვარზე მდებარე ეკლესიასთან შეხვდებით. მაშინ, როცა კიდევ ერთ ქართველ მეომარს აცილებენ უკანასკნელ გზაზე

დგანან ხოლმე მდუმარედ, თავდახრილები, წვერით, სახეზე სამხედრო რუჯით, სხვადასხვანაირი ფორმით (თუმცა ყველას აქვს მკაფიო ნიშანი, რომ საქართველოდანაა) და ემშვიდობებიან კაცს, რომელსაც შეიძლება არც იცნობდნენ, არასდროს უყვარდათ… კაცს, რომლის პანაშვიდზე საქართველოში ალბათ არ მივიდოდნენ, ვერც გაიგებდნენ რომ უნდა მისულიყვნენ..

ერთერთმა მითხრა, ომში ვართ, შეიძლება ხვალ მე მომკლან და არ მინდა დაუტირებლად გამაცილონო

პარაკლისის დასრულების შემდეგ (სამხედრო და სამოქალაქო) ერთმანეთს ჩამოუვლიან, ყველა ყველას ეხუტება, მხარზე ხელს ურტყამს, ამხნევებს, ემშვიდობება!

ომმა ბევრი რამ შეცვალა!

უკრაინელები ასჯერ უკეთესებად აქცია!

ქართველებიც შეცვალა!

ერთად დგომა ასწავლა!

ჰო და, ეს დამპალი ომიც მორჩება და რუსეთიც აუცილებლად დამარცხდება! მთავრია ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა არ დავივიწყოთ!

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

დიდება გმირებს!“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g