LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არასრული სია: ძირითადად პარკები და ბაღები (ვიდეო)

1945
1566061265-1560285886-1462543156-bidzina-ivanishvili-5-800x500-c

საქართველოში ყოველი არჩევნების წინა პერიოდი განსაკუთრებით გამოირჩევა არაჩვეულებრივი და მიმზიდველი დაპირებებით. „უკვდავების წყარო“ ჯერ არავის არ შემოუთავაზებია, თუმცა გაჭირვებული ხალხისთვის 5 კილო კარტოფილი, ხახვი, ფქვილი,  აუცილებელი აღმოჩნდა. ეს ამბავი არც ისე შორეულ წარსულში მოხდა. მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება, ჯერ უცნობია ამომრჩეველს რას შესთავაზებენ, მაგრამ ის, რაც უკვე გაკეთდა, დანახვა უნდა და დაფასება.

ყველაფერი ხალხისთვის კეთდება და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ამ ხაზს მიყვება. მისი ქველმოქმედება საქართველოში 2012 წლის არჩევნებში არ დაწყებულა და დღემდე რომ გრძელდება, ესეც არ უკავშირდება არჩევნებს. ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებს მის მიერ დაარსებული ფონდი „ქართუ“  2000 წლიდან აფინანსებდა.

"ქართუ" ქართველ სტუდენტებს 4 მილიონზე მეტით დააფინანსებს

86 ქართველ სტუდენტს სანდიეგოს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდება

ივანიშვილის ქველმოქმედების სიაში ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ალბათ თბილისის ბოტანიკური ბაღია, სადაც საჯარო მონაცემებით 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქ მოხდა ინფრასტრუქტურის მოწყობა, სხვადასხვა სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაირგო რამდენიმე ათასი ხე და ნარგავები. სერიოზული თანხა აქ მომუშავე პერსონალზე ხელფასების სახითაც დაიხარჯა.

ბოტანიკის ინსტიტუტში ბიძინა ივანიშვილმა ინვესტიციის სახით 6 მილიონ ლარზე მეტი ჩადო, სადაც დაფინანსთა მეცნიერული პროექტები.

ქველმოქმედება გაგრძელდა ბათუმშიც. 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოწყობის საქმეში. აქ კიდევ ერთი „პრობლემა“ გამოჩნდა. ბაღის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ დევნილები. მათთვის ფონდმა ბაღის გარეთ საცხოვრებელი ბინები ააშენა და იქ შეასახლა. ეს ქველმოქმედება “ოცნების” თავკაცს 4 მილიონი ლარი დაუჯდა.

ბათუმის 6 მაისის პარკის მოწყობაში „ქართუმ“ 11 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრებისა და ადმინისტრაციული შენობების მოწყობაში კი 4 მილიონი ლარი გადაიხადა.

პარკ „ციცინათელას“ მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის გააშენეს 1500 ევკალიპტის ხე-პარკი და ესეც 25 000 ლარი დაუჯდა.

შეკვეთილიში დიდი დენდროლოგიური პარკიც ხალხისთვის კეთდება. ხეები რომ ზღვაში დაცურავენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა. მწვანე ტერიტორიის პარკად მოწყობა უკვე დასრულებულია და გავრცელებული ინფორმაციით ის 2020 წლისთვის გაიხსნება.

რაც შეეხება თბილისის ბოტანიკურ ბაღს, ეს დღემდე „მტკივნეული“ საკითხია. განსაკუთრებით „დაუნახავი“ ოპოზიციისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა თავისი ბიზნესცენტრის ტერიტორიას თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც უკანონოდ მიუერთა. ბაღის ადმინისტრაცია კი ამტკიცებდა, რომ მოხდა საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თაბორის მთის ტერიტორიაში გაცვალეს. მათი შეფასებით, გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და სასარგებლოა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების სია ალბათ გაგრძელდება. თუ ვერ შევამჩნიეთ, აუცილებლად დაგვანახებენ და გაგვაგებინებენ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.

პოპულალურები