“ის მიზანი, რომელიც ჩვენ ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ” – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ ბატონმა ბიძინამ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.
“ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს”.
როგორც პრემიერ მინისტრი ამბობს, ივანიშვილის ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანი იმაზე ხაზგასმა იყო, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცედურების სრული დაცვით წარმატებულად მართვა საკმაოდ რთულია.
“ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, რომ ზოგიერთები პარლამენტის შტურმს და ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ”, – აღნიშნა პრემიერმა.