საქართველოს სახალხო არტისტს ბუბა კიკაბიძეს ქართველი ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე ემშვიდობება.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული სცენის ორ ვარსკვლავს – ნანი ბრეგვაძესა და ბუბა კიკაბიძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების შემდეგ, ნანი ბრეგვაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა, მათ შორის ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ჩასულა ბუბა კიკაბიძე რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ.
„ვერ ვგრძნობ, რომ ბუბა არ არის.. ეკამ ისე მითხრა, რომ არ გავგიჟებულიყავი. მაინც მჯეროდა, რომ კარგად გახდებოდა. ბუბას ორგანიზმს ყველაფერი სტკიოდა, როგორ გითხრათ.. შინაგანი ძალა აძლიერებდა მის ცხოვრებას.. ძალიან მძიმეა ჩემთვის. ყველა დარდობს, ყველას აკლია, მაგრამ მე და ბუბას, როგორც მეგობრებს, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, შემოქმედებით ცხოვრებაზე არ იყო ლაპარაკი, სულ ვეფერებოდით ერთმანეთს, მეუბნებოდა – ნანუ, იცი, როგორ მიყვარხარ..
ყველასთან ძალიან გახსნილი იყო. ძალიან უყვარდა ხალხი.. ნიჭიერი ბევრი ადამიანია, მაგრამ ვერაფერსაც ვერ აკეთებენ, ბუბას სხვა ნიჭი ჰქონდა.. ის იყო ნამდვილი ტალანტი.. ბუბაში იყო ძალიან დიდი არტისტიზმი, სცენურობა, მისი შინაგანი განწყობა ძალიან კარგი იყო სცენაზე.. სცენიდან შეეძლო ანეკდოტიც მოეყოლა..
თვითონ მითხრა, რუსებისგან ვარ შეურაცხყოფილიო.. ისეთი გაბრაზებული იყო.. ჩემი ფეხი არ იქნებაო.. ვის უნდა ვუმღეროო? ამ კაცზე ამბობდა.. ის კაცი, კანკალებდა, გიჟდებოდა ბუბაზე..
მე ვუთხარი, ნუ ჰყვები ზღაპრებს, ერთი კაცის გამო შეიძლება ქვეყანა თავს არ დაესხას სხვას ქვეყანას-თქო..
ბუბა არის გმირი.. მისმა ყოფილმა დირექტორმა ერთხელ მითხრა – ნანი, იცი, რა მოხდაო? ერთი მილიარდერი კაცია, ჭკუას კარგავს ბუბაზე. მითხრა, ბუბას შეუთვალეთო, დაბადების დღეზე, მოსკოვში, ოღონდ ქალაქგარეთ, ჩუმად გავუგზავნი ჩემს თვითმფრინავს, მილიონს მივცემო, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო..
[ბუბამ] ისეთი დღე „დამაყარაო“, რასაკვირველია, არ ვეტყვი, რა შეუთვალა იმ კაცსო და საერთოდ, რა თქვაო..
ბუბამ მაგრად შეაგინა, ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!
რაღაც კონცერტი იყო რუსეთში.. ვუთხარი, წარმოიდგინე ჩემთან ერთად რომ გამოჩნდე, რა ფურორი იქნება-თქო, მომეფერა და მითხრა, შენთან სადაც გინდა იქ გამოვალ, რუსეთის გარდაო.. ბუბას ყველგან იღებდნენ, ოღონდ ჩასულიყო და რუსეთი გაშლილი ხელებით დახვდებოდა..“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე ინტერვიუში.
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ქაშუეთის ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც 2 დღის განმავლობაში (17-18 იანვარს) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ამავე თემაზე:
„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან