LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება, პუტინმა ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს – რა განცხადებას აქვეყნებს ევროკავშირი

1584
Untitled design (4)

უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებებს ევროკავშირი საგანგებო განცხადებით ეხმიანება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს და რომ ეს აჩვენებს რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის ნამდვილ სახეს:

“ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის იმ ოკუპირებულ ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია.

დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შემზარავი სურათები, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს სასტიკი, აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს.

ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.

რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ სისასტიკეებზე, რომლებიც მაშინ ჩაიდინეს, როდესაც რუს სამხედროებს უკვე ჰქონდათ ეფექტიანი კონტროლი ამ ტერიტორიაზე. 

ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ.

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ომის დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებს.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსათვის ამ საშინელ დროს.

ევროკავშირი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს და სასწრაფოდ განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებისთვის.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს ომი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს”, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღესვე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც.

მაკრონის განცხადებით, არის ძალიან მკაფიო მინიშნებები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე.

მისივე თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება:

“ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g