ოკუპანტებმა ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ უკვე დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, თუ რა ჩაიდინეს რუსმა ოკუპანტებმა ბუჩას ოკუპაციის პროცესში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩას კიევის მახლობლად მდებარე სხვა ქალაქებთან ერთად ორშაბათს ეწვია. პრეზიდენტი იმყოფებოდა ირპინსა და სტოიანკაში, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო.
ქალაქ ბუჩაში თანამგზავრით გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამი კვირის წინ დაიღუპა.
The New York Times-ის ინფორმაციით, მოქალაქეები სწორედ მაშინ დახოცეს, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
რუსული მხარე კი იუწყება, რომ მკვლელობები უკრაინელებმა რუსი სამხედროების ბუჩადან გასვლის შემდეგ ჩაიდინეს.
ფოტო: The New York Times