LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს შემაჯამებელი სხდომა სამი პარტიის წარმომადგენელმა დატოვა, პარალელურად იმართება აქცია-პერფომანსი

101
აქცია ცესკო

ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება.

ცენტრალური საარჩევნო კომიისიის დღევანდელი სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენლემა დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით გურგენიძემ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სხირტლაძემ სხდომის დატოვებამდე განაცხადეს, რომ  „არჩევნები გაყალბებულია“ .

„თქვენ მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, დაძალებით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ სიყალბით სავსე ოქმებს ხელს მაინც მოაწერთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკო-ს წევრმა, დავით კირთაძემ.

„ამ არჩევნებზე ცესკო მოქმედებდა ისე, როგორც ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფი იმ პარტიისა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ეს არის „ქართული ოცნება“. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შუალედური არჩევნები ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მკაცრად შეაფასეს. ის ჩემთვის ძალიან გულსატკენ შეფასებებს მოიცავს. 13 წელია ცესკო-ს წევრი ვარ და არასდროს ასეთი მკაცრი შეფასება, არცერთ არჩევნებზე არ მომისმენია“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცესკოს სხდომის პარალელურად შენობასთან აქცია -პერფომანსი მიმდინარეობს, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.

„31 ოქტომბერს თამარ ჟვანიამ ქართველ ხალხს წაგვართვა არჩევანის თავისუფლება. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, ახალარჩეული ხელისუფლება იქნება არალეგიტიმური და ეს მათ არ შერჩებათ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ერთი კვირა რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები