“ყველა ექიმს უნდა უყვარდეს ეს პროფესია, უამისოდ არ უნდა შეეძლოს, მე პირადად ამ პროფესიის გარეშე არ შემიძლია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. მისი თქით, კორონავირუსთან ბრძოლის ამ დაძაბულ პერიოდში ყველაზე მეტად ძილი და დასვენება ენატრება. ენდელაძემ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების მუშაობის პროცესზე ისაუბრა.
“ყოველ დილით კონფერენცია ტარდება, ვიღებთ და ვაწვდით ერთმანეთს ინფორმაციას, შემდეგ შევდივართ ჩვენს ოთახებში და ვადგენთ დღის გეგმას, ვის რა გამოკვლევა უნდა გაუკეთდეს, ვის რა ანალიზი უნდა ჩაუტარდეს. შემდეგ ვიწყებთ ეკიპირებას პაციენტთან შესასვლელად. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე ემოციით ვართ, ინფექციონისტები ვართ და ვიცით უნდა ვებრძოლოთ ინფექციებს, ეს თავიდანვე გათავისებული გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ გარეთ მეტია ემოციაა, ვიდრე შიგნით, ერთმანეთის გვერდით ვართ, ვამხნევებთ. რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია, რომ არ მოხდეს ბევრი მედიკოსოს დაინფიცირება, ამიტომ მაქსიმალურად ვიცავთ სიფრთხილეს”, – აცხადებს ის.
მარინა ენდელაძემ აღნიშნა, რომ ყველა ექიმს აუცილებლად ძალიან უნდა უყვარდეს საკუთარი პროფესია და ადამიანები, რომ მათზე მუდმივად ზრუნვა შეეძლოს.
“ექიმებს უნდა უყვარდეთ თავიანთი პროფესია, უნდა უყვარდეთ ავადმყოფი, უამისოდ არ უნდა შეგეძლოს, მეც პირადად ასე ვარ. მე ამ პროფესიამ გადამარჩინა, ფიზიკურად რომ ვარსებობ. ჩემი მძიმე ტრაგედიის შემდე უფრო მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის, შინაგანად რომ გავითავისე ეს რა სიმძიმეა, უფრო მეტად ვუფრთიხლდები სიცოცხლეს,”- ამბობს ის.
ცნობისთვის, მარინა ენდელაძეს 2017 წელს ერთადერთი ვაჟი, იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაეცვალა.