LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს გადაცემაში პოლიტიკურ ხუმრობებზე უარი ვთქვით!“

810
ilonikavaniko

ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი „მთავარი ბიჭები“ არიან. გადაცემის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, მანვე შეკრიბა წამყვანების სწორედ ეს შემადგენლობა, რომელთაც ერთნაირი გემოვნება აქვთ და ფორმატზეც მარტივად ჩამოყალიბდნენ. ბიჭები მიიჩნევენ, რომ მათგან ნათქვამ ხუმრობას რესპონდენტი არასდროს აღიქვამს შეურაცხმყოფელად, რადგან თავად ასეთი განზრახვა არასდროს აქვთ. ბიჭების მიზანია, იხუმრონ ისე, რომ არავინ გაანაწყენონ, თუმცა ეს ხუმრობა უნდა იყოს აქტუალური, საინტერესო და რაც მთავარია, სახალისო. გადაცემაც ასეთია. წამყვანები საკუთარ უნარებს იყენებენ, რომ მაყურებელი გაახალისონ, ჰყვებიან ამბებს საკუთარი თავების შესახებ და ფიქრობენ, რომ სიყალბე მათ გადაცემაში არ არის.

ვიცი, რომ საკმაოდ ინერვიულეთ შოუს ეთერში გასვლის წინ…

ვანიკო:

რაც უნდა გამოცდილება გქონდეს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მაგარი ხარ და ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებ?!. პირველი წარდგენა მაყურებელთან ყოველთვის რთულია. ჩემთვის, პირადად, სწორედ ეს იყო სანერვიულო.

ილო:

ჩვენი ნერვიულობის მიზეზი იყო პროფესიონალიზმი და კიდევ ის, რომ ადამიანები ვართ. ადამიანებს ახასიათებთ ღელვა, მით უმეტეს, როცა საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ. ღელვა ნებისმიერი საქმიანობის თანმდევია.

ნიკა:

მე ნერვიულობას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, მოჭარბებული ემოციები გვქონდა. ყველაზე მეტი ინტერესია პირველი ეთერის შემდეგ. ჩაწერაზე მეტად ეთერში გასვლის შემდეგ უფრო ვნერვიულობდით. ეს შოუ ეთერში, გარკვეული მიზეზების გამო, რეპეტიციისა და საპილოტე ჩანაწერების გარეშე გავუშვით. შოუ უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო, მაგრამ კორონამ ხელი შეგვიშალა. როგორც კი გამოჩნდა შანსი, რომ ეთერში შევსულიყავით, შევედით პირდაპირში. ეს რისკია, ან გაამართლებს, ან – არა, მაგრამ პირდაპირი ეთერი თუ გაამართლებს, წინააღმდეგობები და დაბრკოლებები გადალახულია. კარგი გამოხმაურებების მიღებამ დაგვარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიეთ. მეორე შოუ, ჩემი აზრით, პირველს ჯობდა საყურებლად.

ილო:

მეორე შოუზე უფრო ვღელავდით, თუმცა ალბათ, წლების გამოცდილებამაც თავისი გააკეთა და ეთერში ეს არ გვეტყობოდა. აქ თავისი დამსახურება აქვს სამუშაო ჯგუფსაც.

ნიკა:

შეიძლება, ჩაწერის დროს ღელავდე ტექნიკურ მხარეზე, ნომრებზე, აკეთებ იმას, რაც აქამდე არ გაგიკეთებია… ჩვენი შოუს ფორმატი არაა ის, რომ მხოლოდ სამი კაცი დაჯდეს და ისაუბრონ, ასე არ არის. სტუმარი გყავს, მეტი პასუხისმგებლობაა, რომ რაიმე შეცდომა არ მოგივიდეს მასთან. ნერვიულობ, რომ თამაში შედგეს. იმაზე არ გვიღელვია, რომ ვერ ვიხუმრებდით. თან, მაინცდამაინც იუმორისტული გადაცემა არაა. ესაა სახალისო შოუ, სადაც არის იუმორიც. თუ მაყურებელი დააკვირდება, არაფერი მოგონილი არაა, – რაც ფაქტია, ზოგჯერ პარადოქსიც, სახალისოც… მანქანებზე რომ ვიხუმრეთ, ტყუილი არაფერი ყოფილა. ყველა ხუმრობა სიმართლეს უკავშირდება.

საქართველოში რთულია, შექმნა იუმორი, რომელიც მოეწონება კრიტიკულ მაყურებელსაც და არაკრიტიკულსაც. როგორ იცავთ ამ ზღვარს?

ვანიკო:

ვიცავთ? ასე ფიქრობ? ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შეფასებაა. როგორ ვიცავთ ამ ზღვარს, არ ვიცით. ისიც არ ვიცოდით, რომ ვიცავდით. რაც ნაღდად ვართ, ვცდილობთ, არ გადავუხვიოთ და აქ ვიტრიალოთ. მნიშვნელოვანია, რომ გემოვნებაში ვემთხვევით ერთმანეთს. ძირითადად, ერთი რამ გვინდა ხოლმე, თუმცა ინდივიდუალიზმი არის, რაც სხვა რაღაცებში გამოიხატება, კამათსა და გემოვნების განსხვავებაში – ნაკლებად.

ნიკა:

ვაკეთებთ იმას, რასაც თავად მივიჩნევთ სახალისოდ. რა თქმა უნდა, ითვალისწინებ მაყურებლის ინტერესს. უცენზურო შოუ არ გვაქვს. ჩვენ შოუს კი არ ვგეგმავთ იმის მიხედვით, რა მოეწონება მაყურებელს, ჩვენიდან გამომდინარე ვთავაზობთ მაყურებელს იმას, რაც გვგონია, რომ მოეწონება. გვინდა, უფრო თავისუფალი და ორგანული იყოს. ვიღაცას შეიძლება მოეწონოს ჩვენი ხალისის ფორმა, ვიღაცას – არა. ესეც ბუნებრივია.

ილო:

მარტივი ფორმულაა, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ ცხოვრებაში. თავად დიდ სიამოვნებას ვიღებთ და დადებითად ვიმუხტებით. ჩემთვის კომფორტის ზონაა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. დიდი ხანია, მინდოდა ასეთი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობა.

იმპროვიზაციის დროსაც რთულია ზღვარის დაჭერა…

ვანიკო:

აქ, ვფიქრობ, ერთვება გამოცდილება. იმპროვიზაცია ძალიან სახიფათოა. არც ზედმეტი უნდა გააკეთო, არც დააკლო. მეც, ნიკაც და ილოც ამას ინტუიციით და გამოცდილებით ვაკეთებთ.

ფორმატი როგორ შემუშავდა?

ნიკა:

ამ შოუზე მხოლოდ ჩვენ არ ვმუშაობთ, მუშაობს იუმორისტების გუნდი. შოუს იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, მისი სურვილი იყო, რომ ეს გადაცემა ჩვენ სამს წაგვეყვანა. ხომ იცით, რაღაცას რომ გადაწყვეტს, აუცილებლად გამოსდის. რა ფორმატის უნდა ყოფილიყო შოუ, მხოლოდ ჩვენ არ გვიფიქრია. ამაზე იმუშავეს იუმორისტებმა, სცენარისტებმა. შევადარეთ სხვებს, ვცადეთ, ვყოფილიყავით სხვებისგან განსხვავებული, არ გამოგვსვლოდა იგივე, რასაც თავად ვაკეთებდით ადრე და ჩამოვყალიბდით ამ ფორმატზე. მთავარია, რომ არ გვაქვს კოსმიური ხუმრობები. გვინდა, მაყურებელს ზუსტად ესმოდეს, რას ვხუმრობთ.

ვისი აზრია თქვენთვის მნიშვნელოვანი, როცა რაღაც ახალს აკეთებთ?

პირველ რიგში, ვითვალისწინებთ მაყურებლის აზრს.

ილო:

გადაცემა ეთერში რომ გავიდა, ლაივში ჩავრთე და კომენტარებს ვუყურებდი. ყველაფერი წავიკითხე, მაინტერესებდა. რამდენიმე დღის წინ ვანიკოს საცობში ჰკითხეს, მართლა ამ მანქანით დადიხარ თუ იხუმრეო. ვფიქრობ, ხალხი დადებითად იმიტომ აღგვიქვამს, რომ არ ვართ ცინიკურები. არ იგრძნობა ცინიზმი და სნობიზმი. ვღადაობთ საკუთარ თავებზე. როცა ეს შეგიძლია, შენი ნათქვამი ხუმრობა სხვისთვისაც მისაღებია. თავს არ ვიმკვიდრებთ სხვების დაცინვით.

ეს ქართულ ტელევიზიას დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებდა… რაიმე თემა არსებობს, რაზეც არასდროს იხუმრებთ?

ნიკა:

არ ვფიქრობთ, რომ არსებობს თემა, რომელზეც ჩვენს გადაცემაში არ უნდა ვიხუმროთ. ერთადერთი, პირველივე გადაცემაში აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკური ხუმრობები ჩვენ არ გვექნება, რასაც ქართულ ტელევიზიაში სხვაგან ვერ ნახავთ. დოზირებულად ყველგან არის პოლიტიკური ხუმრობა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ამგვარი ფორმატის გადაცემაში შეიძლება, არ იყოს პოლიტიკა და მასზე ხუმრობა. ეს არ გაგვიკეთებია განსხვავებულობის გამო. სამივე აპოლიტიკური ადამიანი ვართ და ამ სფეროს სიღრმეებშიც ვერ ვერკვევით. ფორმატი საკუთარ თავზე მოვირგეთ. მიუხედავად ამისა, შემდეგი გადაცემის მთავარი თემაა პოლიტიკა… უცნაურია, მაგრამ არ ვილაპარაკებთ რომელიღაც პარტიაზე ან პოლიტიკოსზე. იმაზე ვიხალისებთ, როგორაა ყველაფერში შემძვრალი პოლიტიკა, შერჭობილი, გინდა თუ არა.

მოკლედ, არ გინდოდათ პოლიტიკა, მაგრამ თავად მოვიდა თქვენთან…

ვანიკო:

კარგია, ამას გადაცემაშიც გამოვიყენებთ… ვიხუმრებთ ყველაფერზე, მაგრამ არა ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე, სამაგიეროდ, ვიხუმრებთ ადამიანის მანკიერ მხარეებზე.

ილო:

შინაგანი ცენზურაა და ამაზე საუბარი არც გვქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვიხუმრებთ ადამიანების პირად ტრაგედიაზე.

ნიკა:

ვიხუმრებთ ბევრ ვარსკვლავზე, ხალხისთვის საყვარელ ადამიანზე და ჩვენს მეგობრებზე, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ არც ერთი ხუმრობა არ დააკნინებს ადამიანს და არ იქნება მისთვის შეურაცხმყოფელი. სულ ვიფიქრებთ ამაზე. გია ჯაჯანიძეზე ვიხუმრეთ ამას წინათ, მაგრამ მას იუმორის კარგი აღქმა აქვს და წყენად არ მიუღია. მინდა ვთქვა, რომ ეთიკის დაცვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. დამიშვია შეცდომები… მინახავს 10-15 წლის წინ ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ გაკეთებული სკეტჩი ან დაწერილი ხუმრობა და მიფიქრია, ამაზე როგორ არავის ჰქონდა პროტესტი? გავიზარდეთ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

ილო:

პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და შეიძლება გვყავდეს პოლიტიკოსი სტუმრად, მაგრამ სრულიად სხვა კუთხით წარვუდგინოთ მაყურებელს. ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ადამიანის ლაღ მხარეზე და მიზანი გვაქვს, რომ ყველაში ეს წამოვწიოთ.

საინტერესოა, რამდენი სეზონის იმედი გაქვთ?

ნიკა:

ვიდრე ბიჭობიდან კაცობაში არ გადავალთ…

ადამიანები, ვინც ყოველდღე ჩანან ტელევიზიით, თავად რას უყურებენ და რაზე ეცინებათ?

ვანიკო:

ყოველთვის ასე ვიყავი. რეალურ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეზე მეცინება. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ძნელია, გავაცინო ჩემი თავი.

ილო:

რეგიონებში ხანდახან უფრო შეიძლება შეგხვდეს მახვილგონივრული ხუმრობები. მეც უკვე იშვიათად მეცინება. შეიძლება, კარგ განწყობაზე დამაყენოს რაღაცამ, სხვა ადამიანის ნიჭიერად გაკეთებულმა რაღაცამ, მაგალითად. ხანდახან სრულიად არაიუმორისტული შოუდან მიმიღია ის სიამოვნება, რასაც იუმორისტული შოუსგან ელოდები. ვუყურებ ამერიკულ იუმორისტულ შოუებს.

ნიკა:

ტელევიზორთან ვმეგობრობდი ბავშვობის ასაკიდან. ამდენი წელი ტელევიზიაში რომ ხარ და თავად ქმნი სატელევიზიო პროდუქტს, ამ ყველაფრისგან დასვენება გინდა. იყო პერიოდი, „კომედი შოუდან“ რომ წამოვედი, რამდენიმე წელი სახლში საერთოდ არ მქონდა ტელევიზორი, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია. ახლა ვუყურებ, ძირითადად, იმისთვის, რომ გავიგო ახალი ამბები, ისევ გადაცემისთვის.

ფოტო: დათუნა აგასი