საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელმოწერა მიუღებელი და არათანმიმდევრულია.
“ჩვენთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისაღები არ არის, ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნები არ უნდა ჰქონოდა, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტები, ორივე, ცალსახად მიმართული იყო ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებელი რგოლის ხელში ჩასაგდებად. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის წინა განცხადებებთან თუ დავაკავშირებთ, არათანმიმდევრულია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან არასწორია იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესი არ მოსწონს, შინაარსს ეთანხმება. აქ ორი საკითხია – პროცესიც არასწორი იყო და ეს იმიტომ, რომ შიგნით იყო ჩადებული ძალიან ცუდი ცვლილებები, რომელიც მიმართულია ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის ხელში ჩაგდებისკენ. თუ პრეზიდენტმა ვერ დაინახა, რაში გამოიხატებოდა თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ან თუნდაც როგორ გაუმარტივებს ის სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს გადაწყვეტილების მიღებას და როგორ შეძლებს ხელისუფლება სასამართლო სისტემის უფრო მარტივად კონტროლს, რომელიც ისედაც კონტროლირებულია, ეს არის სამწუხარო”,-განაცხადა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს.
პრეზიდენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა