LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის პრობლემაა ენმ-ის და “ლელოს” სურვილი, ამ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ – ბოკერია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე

82
Untitled design (2)

“ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემაა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ლელოს”. მათი გააზრებული თუ გაუაზრებელი სურვილი, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია საპარლამენტო ოპოზიციის სურვილი, რომ უკრაინაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ერთი დელეგაციით წავიდნენ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მაშინ როდესაც ოპოზიცია მმართველ გუნდს პუტინისტურს და კოლაბორაციონისტულს უწოდებს, უნდა ახსნას, თუ რის საფუძველზე მიიჩნიეს საჭიროდ უკრაინაში ერთობლივი გამგზავრება:

“იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად ისტორიული მომენტია, საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტულ-პუტინისტური რეჟიმი, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, ზიანს აყენებს ჩვენს შანსებს ამ ჭაობიდან გამოსვლისა და ისტორიული შანსის გამოყენებისა, რომელიც, რეალურად, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც პუტინის საქმე აკეთებს, რამდენადაც ეს შეუძლია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

შემადგენლობა გადაიხედება – კობახიძე არ გამოირცხავს, რომ უკრაინაში ორი სხვადასხვა დელეგაცია გაემგზავროს

ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრით, ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ლელოს”. მათი გააზრებული თუ გაუაზრებელი სურვილით, რომ ამ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად იქცნენ, რომ მათი ინიციატივებით ამ რეჟიმის არსი შეალამაზონ.

ამის მაგალითი იყო და არის, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად ეგრეთ წოდებული ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში, რომელიც იბომბება ბოროტების იმპერიის აგრესიის ქვეშ. ამ გუნდებს, პოლიტიკურ ჯგუფებს თითქოს აქვთ იგივე პოზიცია, რაც “ევროპულ საქართველოს”, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი, ეს მათი სიტყვებია. თუ ისინი ასე მიიჩნევენ და გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, აუხსნან საზოგადოებას, რატომ მიიჩნევენ საჭიროს პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულ რეჟიმის დეკორაციად ყოფნას და მათთან, როგორც, თვითონ ეძახიან, თანამშრომლობას მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი ქვეყნისთვის.

თვლიან, რომ ერთი ვიზიტით უკრაინაში არსებითად იცვლება “ქართული ოცნების” ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პოლიტიკა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვციტირებ მათ შეფასებებს, რომ ეს არის პუტინისტური, კოლაბორაციონისტული რეჟიმი. უნდა გაგვცენ ამ მთავარ კითხვაზე პასუხი – თუ ეს ასეა და ასე თვლიან, რატომ გვამუნათებენ ჩვენ, რომ თურმე მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ და არ არის საჭირო ექსტრემიზმი და რადიკალიზმი.

თუ მათ შეიცვალეს პოზიცია და აღარ თვლიან არ რეჟიმს პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულად, მაშინ უნდა გვითხრან, რა არგუმენტები აქვთ, რის საფუძველზე ჩათვალეს, რომ ეს აღარ არის ასეთი რეჟიმი, იმიტომ, რომ ორივე გზავნილი ერთდროულად ვერ გექნება.

ბოკერია: ჰკითხეთ გოცირიძეს, რა შედეგებს მიაღწია არალეგიტიმურ პარლამენტში პუტინისტური რეჟიმის დეკორაციად ყოფნით

ზიანდება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესი, რომ მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაცია, მათი მხილება ბოლომდე ჩვენი პარტნიორების თვალში, რომ არიან პრობლემა და ამ რეჟიმის შეცვლა ჩვენი ეროვნული ამოცანაა.

ამ საპარლამენტო ოპოზიციის, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” ნაბიჯების შედეგად, პირდაპირ ზიანდება ეს ყველაფერი. ასევე ზიანდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მობილიზაციის საქმე, იმიტომ რომ ეს მინიმუმ დამაბნეველია საზოგადოების ნაწილისთვის, როცა ამ რეჟიმს ერთ დღეს პუტინისტს ეძახი და მეორე დღეს იძახი, რომ თურმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა, ინიციატივის გამოჩენა მათთან ერთად დელეგაციით ასეთ საკითხზე წასვლისა.

ეს არის არსებითი წინააღმდეგობა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აზიანებს ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლის საქმეს, ამიტომ ჩვენ “ევროპული საქართველო” ვთვლით მნიშვნელოვნად, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებს მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია. მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი განსხვავება ნაციონალური მოძრაობისგან, ლელოსგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, ამავე დროს მათ ჰქონდეთ წნეხი ჩვენი საზოგადოებისგან, რათა ახსნან, ან შეცვალონ თავისი პოზიცია”, – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ კი განმარტა, თუ რა შემთხვევაში ჩავა მათი პარტია უკრაინაში:

“ევროპული საქართველო” არ აპირებს, ჩავიდეს უკრაინაში მანამ, სანამ არ იქნება ეს ჩასვლა გეგმის ნაწილი, თუ რაში შეიძლება გამოადგეს პარტიის ჩასვლა სხვა პარტნიორებთან ერთად უკრაინელებს, იმ საერთო ბრძოლის საქმეში, რომელსაც დღეს ის მთელი მსოფლიოს სახელით ეწევა.

ამიტომ “ლელოს” და განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება, რომელიც თან პუტინის პირად პატიმარზე ლაპარაკობს, თან პუტინისტურ ხელისუფლებაზე ლაპარაკობს და თან ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს – არის დანაშაულებრივი, კოლაბორაციონისტებთან თანამშრომლობაც კოლაბორაციაა და საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, აპირებენ თუ არა გააგრძელონ თანამშრომლობა – პუტინისტურ კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებასთან და ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია”, – აღნიშნა ბობოხიძემ.

პოპულარულები