LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციცი ფალავანდიშვილი გამოვლილი მძიმე დღეების შესახებ: „გიგის ისე რთულად ჰქონდა კორონავირუსი, არავის ვუსურვებ იმ ნერვიულობას, რაც მე გადავიტანე…“

1022
cicigiginews

ციცი ფალავანდიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ რა მძიმე დღეები გამოიარა მისმა ოჯახმა და განსაკუთრებულად, მისმა ვაჟმა, გიგი დედალამაზიშვილმა, როდესაც კორონავირუსს ებრძოდა.

ციციმ აღნიშნა, რომ ახლახან აცრა გაიკეთა სწორედ იმიტომ, რომ კორონავირუსის ნამდვილი სივერაგე საკუთარი ოჯახის წევრზე გამოსცადა:

„ოჯახისა და მეგობრების რჩევა გათვალისწინებულია. ძალიან ვორჭოფობდი, ამეცრა თუ არა, მაგრამ როდესაც რეალურად შეეხო ჩემს გიგის ეს ვერაგი კორონა, ოჯახის წევრების და ჩემი მეგობრების საუბარმა გაჭრა ავიცერი „სინოფარმით“. ახლა კორონას ეშინოდეს ჩემი…  მწარედ შევეჯახე ამ ვერაგ კორონას. გიგის ჰქონდა საკმაოდ რთულ ფორმაში, შემდეგ ნინიმ ჯერ გია და მამუკა წაიყვანა აცრაზე, მერე ჩემზე გადმოვიდა და ავიცერი დღეს, მარინა აიცრა, არავის ვუსურვებ იმ ნერვიულობას, რაც მე გადავიტანე…“

fortuna.ge ციცი ფალავანდიშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ციცი ფალავანდიშვილი:

არჩევანი აცრაზე გავაკეთე. გიორგობა დღე მივუძღვენი ჩემს თავს. ვერ გეტყვით, რომ მაინდამაინც ფანი ვიყავი ვაქცინაციის. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, რომ მე არ შემეყრებოდა. ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ, პირბადეს ვატარებ და ა.შ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გიგის დაემართა, სერიოზულად შემეშინდა… იმის მერეც, რაც ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა გამოიარეს. ნინიმ მთხოვა ძალიან, გიგიმაც. ნინიმ თავად ჩამწერა. ჩვენი ოჯახის წევრებიც აიცრნენ იმისთვის, რომ ჩვენი თავიც გადავარჩინოთ და გარშემო მყოფებიც.

გიგიმ ახლახან დაამარცხა კოვიდი?

ამის თქმის მაინც გვეშინია ჯერ, სანამ ბოლო შედეგებს არ ვნახავთ. არ მეგონა, რომ გიგის ასე გაუძნელდებოდა კორონავირუსის დამარცხება, რადგან არც ქრონიკული დაავადება ჰქონია და არც არაჯანსაღი ცხოვრების წესი ახასიათებს. თავიდან ძვლებში ამტვრევდა, ძალა აღარ ჰქონდა, ვინც გიგის იცნობს, იცის, რომ მისთვის ეს ყველაფერი უცხოა. დაკარგა ყნოსვა, გემო – არა. როდესაც კლინიკაში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ფილტვების დაზიანება 19% იყო. მადლობელი ვარ წმინდა მიქაილის სახელობის საავადმყოფოსი, სადაც პროფესიონალი და ყურადღებიანი ექიმები მუშაობენ. ბოლომდე არ აქვს ალაგებული ფილტვის პრობლემა, ამას დრო სჭირდება, მერე კი ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უნდა პოსტკოვიდურ მდგომარეობას, რადგან ძალიან ვერაგი და არაპროგნოზირებადი დაავადებაა.

როცა მას უკავშირდებოდით ტელეფონით, თავად როგორ აღწერდა საკუთარ მდგომარეობას?

მეუბნებოდა, სუსტად ვარო… ბოლოს მითხრა, თქვენ იყავით კარგად და არა უშავსო… ეს ბოლო წვეთი იყო… ეს იყო შოკი არა მხოლოდ ჩემთვის. მარინა გადაირია. ყველაზე ძლიერი მე აღმოვჩნდი, რადგან ყველას დაწყნარებამ მომიწია. ასეთი რაღაცის გადატანა საკმაოდ რთულია. მარტო რომ ვრჩებოდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. არადა, ამ დროს განწყობა ყველაზე დიდი შვებაა, პაციენტის მიმართაც და საკუთარი თავის მიმართაც. მე პირადად დავრწმუნდი, რომ კარგი მედპერსონალი გვყავს, მთავარია, პაციენტმა და ორგანიზმმა შეუწყოს ხელი.

იცით, რომ ჩემი რძალი, მარინა არის უკრაინელი. იქ თვეების ბავშვებსაც კი შეხვდათ. როგორც ჩანს, ძალიან გაახალგაზრდავდა და თავი რაღაცით თუ არ დავიცავით, არ ვიცი… აცრის შემდეგ მორალურად ვარ წყნარად. ასე მგონია, რომ საგმირო საქმე ჩავიდინე.

აცრის შემდგომ გართულებები არ გქონიათ, ხომ?

არა, არანაირი. ჩემს მეუღლეს უთხრეს, მეორე დღეს შეიძლება სიცხე მოგცესო. ნერვიულობდა, სიცხე არ მომცაო და მე ვუთხარი, რომ ეს სავალდებულო არ არის (იღიმის). ზოგადად, გარანტირებული არაფერზე ვართ, არც ერთ ვაქცინაზე. დიდი ანტიპროპაგანდა მიდის, მაგრამ იმაზე უარესი ამ ვაქცინამ რა უნდა დატოვოს, რასაც კოვიდი ტოვებს?! ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯანმრთელობა ყოფილა ყველაფერი საერთოდ. მე იმდენად მშიშარა ვარ, სულ ვსეირნობ, დავდივარ, ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო. მეგონა და ახლაც მგონია, რომ არაფერი დამემართება, მაგრამ მაინც დავიზღვიე თავი აცრით!.. კიდევ რა შტამი შემოვა, კაცმა არ იცის. ყველას თავისი აზრი აქვს. პირადად ჩემს თავზე რაც გამოვცადე, არავის ვუსურვებ ამ დაავადების გადატანას. ნინიმ ჩვენ გარშემო ყველა აცრა. დედა, გეხვეწები, თუ გიყვარვარ, აიცერიო. იმაზე უარესი ნამდვილად არ მოხდება, რაც კოვიდის დროს შეიძლება დაგემართოს, ან შემდგომი გართულებებით.

გიგი ახლა როგორაა?

ნელა-ნელა გამოდის მდგომარეობიდან. თვეში ერთხელ პოსტკოვიდურ გართულებებზე გამოკვლევებს გაიკეთებს… ელოდება სამი თვის გასვლას და პირველი მე ავიცრებიო. ამას მეორეჯერ ვეღარ გადავიტანო. სახსრების ტკივილით დაეწყო გიგის და აუცილებლად ყველა დეტალს მიაქციონ ადამიანებმა ყურადღება. მაგრამ სანამ დაგვემართება, მანამდე ავიცრათ. აცრის შემდეგ არ ხარ დაზღვეული, რომ არ შეგეყრება, მაგრამ თუკი დაავადდები, მსუბუქად გადაიტან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ორი კვირა ფრთხილად ვართ, ვაქცინაციის შემდგომ, სანამ ანტისხეულები გამომუშავდება. ვფიქრობ, შედარებით რბილ ვაქცინაზე შევაჩერე არჩევანი. მე რომ დავრეგისტრირდი, „ასტრაზენეკაზე“ აღარ იყო ჩაწერის საშუალება, არც „ფაიზერზე“, მაგრამ „სინოფარმის“ არჩევანით კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, ზუსტად იმ დღეებში დაამტკიცა ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები ამ მხრივ. აცრა არის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ვალი. სხვა მაინც შეიცოდე, თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობ. დაძალებით ვერავის დააძალებ, მაგრამ ყველა უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ აცრა მოქალაქეობრივი ვალის მოხდაა.

2020 წელს, საკმაოდ რთულ პერიოდში, მეოთხე შვილიშვილი შეგეძინათ, ნინის მეორე გოგონა

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები მაქსიმალურად პოზიტიურ გარემოში გვყავდა, რომ სტრესისგან გამოგვეყვანა. არც ერთი დღე არ გვქონია სეირნობის გარეშე და ბავშვები ერთად გვყავდა. გიგის უფროსი გოგონა, ლიზი, მამის მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, ნიკუშა პატარაა და ვერ ხვდებოდა. ლიზი სულ კითხულობდა, სად არის მამიკო, კარგად იქნება? გული მიკვდებოდა… კიდევ უფრო მეტს ვთამაშობდით, ერთად ვატარებდით დროს, რადგან უფროსების სტრესი ბავშვებს არ უნდა შეეხოთ. ვინც კოვიდიანია, ეს განცდა ბავშვებამდე არ უნდა მიიტანოს. ორმაგი თამაში მიწევდა… ბავშვს ფაქიზი ფსიქიკა აქვს და არ უნდა დაანგრიო. ლიზის ვეუბნებოდი, შენც ხომ გაქვს სიცხე, მალე აღარ ექნება-მეთქი. პოზიტივი ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სესილის, პატარა ელექსირი და ჟანგბადია. ახლა ექვსი თვისაა. ახალი სათამაშო გვყავს სახლში. ბავშვებიც თავს ევლებიან, უვლიან. ჩვენი სესილი კოვიდბავშვია. ვერ აღვნიშნეთ მისი დაბადება. წამოვედით სახლში. ისე განვიცდი ამას, მაგრამ ბიუჯეტს გაუფრთხილდა, ისეთ დროს დაიბადა (იცინის). იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ცუდ სიზმრად დაგვრჩება..

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც გიგის ავადმყოფობის დროს გვკითხულობდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ასეთ დროს მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები