„ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ უარყოფით როლებს ვთამაშობ. სინამდვილეში, ყოველთვის „კარგ ბიჭებს“ ვასახიერებ. რა თქმა უნდა, უმეტესობა საზოგადოებამ გარიყა, თუმცა ისინი მაინც კარგი ბიჭები არიან“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში უილიამ დეფომ, რომელიც მართალია, მეტწილად მეორეხარისხოვან პერსონაჟებს განასახიერებს, მაგრამ სწორედ მათი წყალობით გახდა „ოსკარის“ ოთხგზის ნომინანტი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ უილიამ დეფოს ცნობილ ფრაზებს:

ცხოვრება კინოსგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს მეორე დუბლი.

ზოგჯერ პატარა ჭორები, რომლებიც საკუთარ თავზე გესმის, ბევრად უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე კარგად მოფიქრებული დიდი ტყუილი.

არავის ვეკითხები რჩევას, მაგრამ თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით მირჩევს, ვიმახსოვრებ. რა იცი, რაში გამომადგება.

ბავშვობაში ხშირად მესმოდა მამის ფრაზა: „ადამიანი არ იმსახურებს იმას, რისი გაფრთხილებაც არ შეუძლია“. დღეს აბსოლუტურად ვეთანხმები მის მოსაზრებას.

პოპულარობა – ძალიან სახიფათო, არაპროგნოზირებადი მოვლენაა, რომელზეც ბევრს „მოუცურდა ფეხი“, თუმცა ზოგმა მხოლოდ მსუბუქი ტრავმა მიიღო, ზოგმა კი, სამუდამოდ მოიტეხა კისერი.

ზოგჯერ საკუთარი თავის ბოლომდე დაკარგვაა საჭირო, რომ მერე თავიდან აღმოაჩინო.

მართალია, ადამიანების უმეტესობა ისე მექცევა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და ძალიან მომწონს, მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ არც ისე ჩვეულებრივი ვარ.

მინდა, რომ ყველას ვუყვარდე, მაგრამ არ მაქვს პრეტენზია ყველას ესმოდეს ჩემი.

ზოგჯერ პოულობ სამუშაოს, ზოგჯერ სამუშაო თვითონ გპოულობს – სწორედ ასეთია მსახიობის ცხოვრება.

წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებდი მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, გარკვეული ფანტაზიები მაქვს – შესაძლოა, ბოსტნეული მომეყვანა ან მეთევზავა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ რესტორანში წასვლა და გემრიელად მირთმევა შემიძლია.

თვითონაც არ ვიცი, რატომ იღუპებიან ჩემი პერსონაჟები ასე ხშირად. ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ძლიერ პერსონაჟებს ვირჩევ, ადამიანებს ძლიერი ხასიათით კი, ყველა ემტერება და თავისუფლად იმეტებს მოსაკლავად.

როცა ე.წ. „ოჯახურ დრამაში“ მთავაზობენ მონაწილეობას, ვხვდები, რომ უნდა გავიქცე და რაც შეიძლება შორს.

 

 

 

მსგავსი თემები