თითქმის 2 თვეა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, თუმცა ხელისუფლება დადებითობის დღიური მაჩვენებლის მატების ფონზე კვლავ “ლოქდაუნსა” და შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს.

ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. 18 აპრილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.93%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის ჭრილში– 3.58%. 16 აპრილის დადებითობის მაჩვენებელი 3,4 % იყო. ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ თუ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ს გადაცდება, “ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ლოქდაუნსა და გამკაცრების ღონისძიებებზე იფიქროს”. მისივე განცხადებით, დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს  სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს.

“ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი” – ხათუნა ზახაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ დაწესდება, რა ბედი ელის ბიზნესის სხვადასხვა სექტორს? – ამ კითხვით “ფორტუნამ” რესტორატორთა ასოციაციას, სალონების ფედერაციას და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს მიმართა.

 

როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, თუ ხელისუფლება რესტორნების ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს გამოსავალი ვერ იქნება. მისივე თქმით, საჭიროა ოქროს შუალედის გამონახვა, რომ არ დაზარალდნენ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, იქ დასაქმებული ადამიანები და ასევე ქვეყნის ეკონომიკა.

 

 

ამასთან, შოთა ბურჯანაძის განმარტებით, თუ ქვეყნის ეკონომიკა არ ამუშავდა, რაღაც პრობლემის “გადაწყვეტას” საბოლოო შედეგი ვერ იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში მეტი ადამიანი ჩაერთოს.

“პრობლემა რეალურად არსებობს კოვიდვითარებასთან დაკავშირებით. საჭიროა ოქროს შუალედის გამონახვა, რადგან საუბარია პრობლემებზე, რომელიც არამხოლოდ ბიზნესს, არამედ მთელ სფეროს გააჩნია. ის რომ რაღაც ჩავკეტოთ და პრობლემა გადაწყვიტონ, ეს ვერავითარ შემთხვევაში გამოსავალი ვერ იქნება.

ჩაკეტვა ვერ იქნება გამოსავალი. ეს, ისევ იმ მდგომარეობაში დააბრუნებს ბიზნესს, რა ვითარებაშიც შეზღუდვების მოხსნამდე იყო და რჩება დღემდეც. ეს იქნება პრობლემა არამხოლოდ სფეროსთვის, არამედ ეკონომიკისთვისაც. ჩაკეტვის გადაწყვეტილება პირადად ჩემთვის აბსურდულია.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან. მთავრობა გრძნობს იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რეალურად “ორ ცეცხლს შუა არის მდგომარეობა”, მნიშვნელოვანია ამ ორივე ცეცხლის ჩაქრობა და არა რომელიმეს გაღვივება ან ნეიტრალიზება. ორივე არის მნიშვნელოვანი. საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომ არ დაზარალდეს 10 ათასობით ადამიანი, რომელიც ამ სფეროში არის დასაქმებული და ასევე ეკონომიკა.

ეკონომიკა თუ არ ამუშავდა, რაღაცის ჩაქრობა და რაღაც პრობლემის “გადაწყვეტა” ვერ იქნება საბოლოო შედეგი. აუცილებელია ვაქცინაცია. ეს თუ არ დაიწყება “კატა-თაგვობანას” თამაში კრახამდე მიიყვანს ქვეყანას”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ სალონებს რაიმე შეზღუდვები დაუწესდებათ, რადგან ყველა ობიექტი იცავს რეგულაციებს, რათა პანდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს.

 

 

“უფრო რთული რეალობის წინაშე ვიყავით მეორე “ლოქდაუნის” დროს, სილამაზის სალონები მუშაობდნენ და მგონი დავამტკიცეთ, რომ თითოეულ ობიექტს შეუძლია მოუაროს თავის თავს ისე, რომ პანდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს. იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ამ სიტუაციასაც. რატომაც არ დახურეს მეორე “ლოქდაუნის” დროს სილამაზის სალონები, ვფიქრობ, რომ ანალოგიურად გაგრძელდება ამ შემთხვევაშიც. არ გვაქვს მოლოდინი იმიტომ, რომ ლოგიკურად ასე უნდა იყოს”,- აცხადებს თამარ შარაშენიძე.

 

სავაჭრო ცენტრების “თბილისი მოლის”, “გალერეა თბილისის” და “სითი მოლის” წარმომადგენლები “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ ე.წ “ლოქდაუნის” და შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ თემაზე კონკრეტული მოთხოვნები მთავრობის მხრიდან არ გაჟღერებულა.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები