პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო. ოპოზიციის რეპლიკა მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რა დროსაც პრემიერმა აღნიშნა, რომ 17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში.
“მე მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველა გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში”, – თქვა პრემიერმა.
სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია დარბაზში ხმაური და პროტესტი ხატია დეკანოიძემ პრემიერს მოღალატე უწოდა.
“დაგატოვებინებთ დარბაზს, თუ არ გაჩერდებით. გაძლევთ გაფრთხილებას. ქალბატონ ანას და ხატიას ვაძლევ შენიშვნას, შემდეგ შენიშვნაზე დაგატოვებინებთ დარბაზს. რამეს თუ რ ეთანხმებით, თქვენ გაქვთ დრო და გამოხატეთ აზრი
არანაირი ბატონო არ არის საჭირო, ქალბატონო ხატია, საჭიროა მინიმალური კულტურა, რომელსაც ჰქვია ჯდომა და მოსმენა გამომსვლელის. უმიკროფონოდ გამოსვლა არის რეგლამენტის დარღვევა”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.
„ექიმს ხომ არ დავუძახოთ, წამალი ხომ არ გინდათ, რომ დამშვიდდეთ ქალბატონო ხატია”, – ასე მიმართა რამდენჯერმე ხატია დეკანოიძეს პრემიერმა ტრიბუნიდან.
ამის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ მოუწოდა დეპუტატებს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები დაიცვან.
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.
პარლამენტის სხდომას ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.