ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
კუპატაძის თქმითვე, სპეცოპერაცია დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაკავებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომელიც ახორციელებდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას.
დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონებში, ერთმანეთის პარალელურად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება და 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.