LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ქაცარავას მეუღლე: „ჩვენი სამი შვილი მამით ამაყობს… უფროსს ასაკი რომ ჰქონდეს, თავადაც წავიდოდა უკრაინაში!..“

2781
sofodadato

უკრაინაში მოხალისედ უკვე დაახლოებით ერთი თვეა, წასულია. დავით ქაცარავა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი გამოთქვა და დღემდე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.

თბილისში მას ელის მეუღლე, სოფო ხაჭაპურიძე და სამი შვილი. დღეს უფროს ვაჟს 16 წელი შეუსრულდა და მამის მილოცვა უკრაინიდან მიიღო…

სოფოს fortuna.ge დაუკავშირდა და ჰკითხა იმ ემოციებისა და განცდების შესახებ, რაც ამ მოლოდინს ახლავს.

სოფო ხაჭაპურიძე: 

ვიცოდით, რომ დათო აპირებდა უკრაინაში გამგზავრებას. თავიდანვე გაგვაფრთხილა. 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გამოცხადდა, ბიჭებმა დაიწყეს გზების მოძიება წასასვლელად. ერთ კვირაში გაემგზავრნენ. სამი დღე გზაში იყვნენ და 4 მარტს უკვე უკრაინაში იყვნენ.

როგორ ინარჩუნებ ამ შემართებას?

იმდენად მწამს იმ იდეის, რისთვისაც ჩვენები არიან იქ წასულები და ზოგადადაც, რატომაც ხდება, სხვანაირად ვერ ვიქნები. მაგალითს ვიღებ უკრაინელი ხალხისგან. წარმოიდგინეთ, იქ რომ ჩამოყარონ ხელები და დაყარონ იარაღი, ჩაცვივდნენ სასოწარკვეთაში, დასხდნენ ტარიელის პოზაში და დაიწყონ ვაი-ვიში, რა მაგალითს მისცემენ მსოფლიოს?

შეიძლება, ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობით, რაც უფრო მეტ აქცენტს გააკეთებ სიმშვიდესა და დადებითზე, ის გამრავლდება შენ გარშემო. რაც მეტად ინერვიულებ და ჩავარდები ისტერიკაში, აუცილებლად მოიზიდავ იმ მოვლენებს, რაშიც ეს მდგომარეობა გაგიათმაგდება. ამაზე თუ არ იმუშავე, მილიონი ხერხი არსებობს ამისთვის, აუცილებლად მოგერევა. ადამიანური სისუსტეებია. ასეთ ვითარებაში ყველამ თავისი თავი უნდა გაიძლიეროს  და ყველა ერთმანეთს უნდა დაეხმაროს.

დათო როგორ გიკავშირდებათ?

ჩვეულებრივად არის ყველანაირი კავშირი, დაკავშირება პრობლემას არ წარმოადგენს. უკრაინული ჯარი არის კარგ დონეზე მომზადებული, ჩვენ რომ გვიოცნებია, ისე. რა თქმა უნდა, სირთულეებია, პროცესი მიმდინარეობს და ომია, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ, რადგან დავალებიდან დაბრუნებულს, დათოს აქვს საშუალება, დაიძინოს, იკვებოს, მოიწესრიგოს თავი და დაისვენოს…

არ ყოფილა მომენტი, როცა დაკავშირება გაგჭირვებიათ?

როცა დავალებაზე გადიან, არ აქვთ მობილურის ჩართვის უფლება კონკრეტულ სიტუაციებში. ყოფილა 12-საათიანი პაუზა, ერთხელ იყო 24-საათიანი. სხვა მხრივ ყოველთვის აქვთ დაკავშირების საშუალება. ყველაზე მძიმე დღე იყო, როდესაც დავალებაზე ყოფნისას ბიჭები დაიღუპნენ. ვიცოდი, რომ დავალებაზე იყვნენ და შეიძლებოდა, დათო ვერ დამკავშირებოდა. რომ დამირეკა, მითხრა, რომ ქართველი ბიჭები დაიღუპნენ. განცდა ძალიან მძიმე იყო. ასეთ დროს ხვდები, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს შენს საყვარელ ადამიანს… როდესაც ვეკითხები, უსაფრთხო ადგილას არიან თუ არა, მპასუხობს, სოფო, ომია, ჩათვალე, რომ უსაფრთხო ადგილი აქ არ არისო. ლვოვში მშვიდად დადიოდა ხალხი, როცა ჰაერიდან ჭურვები ჩაყარეს… საჰაერო განგაში და თავდაცვა ძალიან აქტიურად მუშაობს. დათოს ეს ვკითხე რამდენჯერმე და მიპასუხა, რომ ჭურვებს, ფაქტობრივად,  მათ სიახლოვეს მიწაზე არ ჩაუღწევია.

შვილებზე მინდა გკითხო, მათი განწყობა და დამოკიდებულება როგორია?

სამი შვილი გვყავს – 16 წლის მიხეილი, 12 წლის ქეთევანი და 11 წლის ალექსანდრე. დღეს მიხეილის დაბადების დღეა. ძალიან კარგად აცნობიერებენ მამის გადადგმულ ნაბიჯს. ენატრებათ, მაგრამ სიამაყეს გამოხატავენ, ამბობენ, ჩვენი მამა ასეთ საქმეს აკეთებსო. უფროსი ბიჭი ამბობს, ასაკი რომ მქონდეს, მეც წავიდოდიო. ჩვენს ოჯახში არის უკრაინული სისხლი. დათოს დედა ნახევრად უკრაინელია.

გვახსოვს, ბარიერები ჰქონდათ წასვლისას… იყო უარყოფითი კომენტარებიც დათოსა და მისი მეგობრების უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით. როგორ უყურებ ამ კრიტიკას?

მე ასე ვხედავ, პირველ რიგში – ეს არის იმ ადამიანების უმოქმედობის გამართლება, რომლებიც ამ კომენტარებს წერენ. სხვა ადამიანის საქციელის კრიტიკის იქით მეტი არაფრის მოხერხება არ შეუძლიათ. აქ მხოლოდ უკრაინაში წასვლაზე არ მაქვს საუბარი, საოკუპაციო ზოლთან რომ პატრულირებენ ბიჭები, ამაზეც ვამბობ. ამას აქვს რაღაც შემაკავებელი ეფექტი. ელემენტარულად, ინფორმაცია მაინც გამოაქვთ, რასაც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ჩქმალავენ. თემა რომ იყოს წამოწეული, ყველას ახსოვდეს და იცოდნენ, იქ რა ხდება, ამაზეც კი საშინელი რეაქცია აქვთ, რადგან თვითონ ვერ ან არ აკეთებენ, ან სხვა მიზეზები აქვთ. „შენ ის პარტია გაფინანსებს, ეს პარტია გაფინანსებს…“ – არავინ აფინანსებს, შემოწირულობებით ფინანსდება მინიმალური საჭიროებები – გზის ფული და ელემენტარული საჭმლის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ გზაში.

ჩვენი მოქალაქეები უკრაინაში დაიღუპნენ და ამაზეც აქვთ რეაქცია, – რა უნდოდათ, დატოვეს შვილებიო, ადამიანის სიკვდილმაც კი ვერ გააჩერა მათი კომენტარები, ასე რომ, აზრი არ აქვს მათთან საუბარს. თავად ოდესმე იქნებიან ისეთ სიტუაციაში, როცა მოქმედება მოუწევთ, მანამდე შორიდან ვერ მიხვდებიან.

მე ყველას ვუსურვებ გონების განათებას – ამ წუთას ადვილია შავისა და თეთრის, ბოროტისა და კეთილის გარჩევა, ასე მარტივი ნამდვილად არასდროს ყოფილა, ცოტა ნაცრისფერი სიტუაცია იყო. ვისაც რა უნდა, ის აარჩიოს, ბოლოს ნახავენ, ვინ გაიმარჯვებს. ყოველთვის იმარჯვებს სიკეთე. გაითვალისწინონ ეს და სწრაფად აირჩიონ მართებული მხარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები