LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“ – მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

93
Untitled design (4)

„რუსეთი ოკუპანტია“- ამ სათაურით Manifest.ge-ზე ქვეყნდება პეტიცია, რომლის ავტორიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი კალატოზიშვილია.

პეტიციის ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდეს.

პეტიციის ადრესატი საქართველოს მთავრობა და პარლამენტია, საჭიროა 10 000 ხელმოწერა.

მიმართვის ავტორები რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით გამოწვეულ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეები და მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაცია, უძრავი ქონების შეძენა და მოქალაქეობის მიღება, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას და კიდევ უფრო მეტად ზრდის რუსეთის გავლენას საქართველოში.

რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში არსებული და განვითარებული პროცესები, კერძოდ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 24 თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 796 638-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. IDFI-ის მონაცემებით კი 2022 წლის მარტ-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა რუსეთის 49 505 მოქალაქე.

IDFI-ის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლები არ იძლევა რეალურ სურათს არსებული გამოწვევების შესახებ~, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანიფესტში ასევე აღნიშნულია, რომ „გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით“ საქართველოში სულ 13 500 რუსული კომპანიაა, მათგან 6 419 კომპანია კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა:

„ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, სხვა ქვეყნებიდან მიგრირებული ადამიანები საქმდებიან. უცხო ენით ხდება მომსახურების სფეროში სერვისის მიწოდება და ქართულენოვან მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე მიიღოს სერვისი, აღნიშნული ცალსახად კანონდარღვევაა“, – აცხადებს პეტიციის ავტორი.

ასევე, პეტიციის მიხედვით, მხოლოდ 2022 წლის პირველ 7 თვეში, უძრავი ქონება შეიძინა 3 626-მა რუსეთის მოქალაქემ. უძრავ ქონებას ისინი ძირითადად ბათუმსა და თბილისში ყიდულობენ.

„ამრიგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვეთანხმებით მასში ჩამოყალიბებულ და დასაბუთებულ პირობებს, მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ანგარიშვალდებულია ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და პასუხს აგებს მის უსაფრთხოებაზე:

◼ დაუყოვნებლივ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან (და დაუშვას ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დევნილი პირები, რომლებიც დაიშვებიან საქართველოში მხოლოდ შესაბამისი გადამოწმებისა და დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში);

◼  დააწესოს მორატორიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის.
შეუზღუდოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობა (და ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს!);

◼მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში შემცირდება როგორც საგარეო და შიდა რისკები, ისე პუტინის რეჟიმის მიერ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოტივით საქართველოში პროვოკაციების მოწყობის რისკი“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები