ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებას ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ეხმიანება.

“დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს,” – წერს ამერიკის საელჩო საქართველოში.

84 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი გარდაიცვალა. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. ის მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა და თავის შემოქმედების სახით, ისევე როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნამდვილი მუსიკალური საგანძური დაუტოვა. 

გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.

სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05