LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ რუსეთში ერევნის გავლით ჩასული ქართველი დეპუტატები – რა მოხდა მოსკოვში?

1833
1556537847-0-258-2982-1935-600x0-80-0-0-bd6b25a3784e1de75c7925736bfbbc9a

ქართველი პარლამენტარები გუშინ მოსკოვში ჩავიდნენ. იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გავრილოვის ღამის შემდეგ, თბილისთან ფრენები აკრძალა, დეპუტატებს, მოსკოვში ვიზიტისთვის სომხეთის გავლა მოუწიათ. ჩვენ კი გვიწევს მათი ვიზიტი, რუსულ მედიაზე დაყრდნობით გაგაცნოთ. მედიაში, მხოლოდ მცირე ნაწილი გასაჯაროვდა იმ კომენტარებიდან, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში გააკეთეს.

 

ქართულ დელეგაციას სამი დეპუტატი წარმოადგენდა: გიორგი ლომია, ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე. საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა დუმაში გაიმართა. 

ქართველი დეპუტატები მოსკოვში მიდიან - რუსული პრესა

დელეგაციაში იქნებიან: ადა მარშანია, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე.

მათ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა უმასპინძლა.

„დუმის გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ იძულებული გახადოს საქართველოს ხელისუფლება, რუსეთ-საქართველოს დაახლოების პროცესში ჩაერთონ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ოფიციალურ დონეზეც. მით უმეტეს ვხედავთ, რომ რუსი და ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ნაწილი ამას მოითხოვს და სურს კეთილგანწყობილი ურთიერთობა. სანქციები რიგით მოქალაქეებზე აისახა, მზად ვართ განვიხილოთ არსებული პრობლემები,“ – განაცხადა კალაშნიკოვმა და რუსეთის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ამისთვის მზად საქართველოც იქნება.

„არაპოპულარული, თუმცა სწორი ნაბიჯი“ – ასე შეაფასეს მოსკოვში ვიზიტი თავად „პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა

შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქებით დაიწყო. „პუტინის გაწონასწორებული და პასუხისმგებლიანი განცხადება პატივისცემას იმსახურებს“ – ამის შესახებ შეხვედრაზე, კამერების წინ, გიორგი ლომიამ განაცხადა და პუტინს დიდი პოლიტიკოსი უწოდა.

ის საქართველოს მოქალაქეების სახელითაც არ მოერიდა საუბარს და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის [სანქციების დაწესებისგან თავის შეკავებისთვის], ქართველები მადლობლები არიან.

ამ მთავარი მესიჯის გარდა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები ამბობენ, რომ ფრენებთან დაკავშირებით არსებული სანქციების მოხსნას და სიტუაციის მოგვარებას ცდილობენ. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ ამ ყველაფრისთვის კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა, თუმცა რა იგეგმება ამაზე ქართველი დეპუტატები ჯერ არ საუბრობენ.

„ჩვენ განვიხილეთ კრიზისიდან გამოსასვლელი რიგი ნაბიჯები. ამ თემებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებთ, რადგან მტრები ყველაფერს გააკეთებენ ამ გეგმების ჩასაშლელად“, – განაცხადა ლომიამ ფედერალური საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე კოსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის შემდეგ.

დეპუტატები ფიქრობენ, რომ ეს ვიზიტი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დამშვიდებას შეუწყობს ხელს. ამის გამო, ქართველი პარლამენტარები მზად არიან აიტანონ ის ტალახი, რასაც საქართველოში დაბრუნებისას ესვრიან.

„აქ ჩამოსვლის გამო, საქართველოში ჩვენ ტალახს გვესვრიან,“ – აღნიშნეს მათ რუსულ მედიასთან.

სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთთან  

მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით - ადა მარშანია

შეხვედრების მთავარი თემა, რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება

გარდა ფრენებისა, მოსკოვში ვიზიტისას, დეპუტატები „ყველა არსებულ პრობლემას“ შეეხნენ. პრობლემების გარდა, განიხილეს სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთთან. გიორგი ლომიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსეთის სავიზო საკითხი მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში გადაწყდება.

„ვფიქრობ სამი წელი არც დაგვჭირდება ვიზების გასაუქმებლად. ეს საკითი ფაქტობრივად გადაწყვეტილია,“ – განაცხადა ლომიამ.

ლომია მიიჩნევს, რომ კონსტრუქციულ, პირდაპირ დიალოგს რუსეთთან, ალტერნატივა არ აქვს.

მისი შეფასებით, არსებული ვითარების ფონზე, ამ შეხვედრის გამართვა უკვე მიღწევაა.

„ჩვენ კავკასიაში მშვიდობა გვჭირდება და ამის მიღწევა მეზობლებთან მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია“ – განაცხადა ლომიამ.

 

„დაგვეხმარეთ ოკუპირებულ რეგიონებთან დიალოგში“

დიალოგის გარდა, როგორც ჩანს, არც დახმარების თხოვნის ალტერნატივას ხედავენ – ადა მარშანიამ ოკუპანტ ქვეყანას სთხოვა დაეხმაროს, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირისპირ დიალოგი აწარმოონ. მისი თქმით, რუსეთი ამ ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ადა მარშანიამ რუსი კოლეგებისგან თანხმობაც მიიღო.

„ჩვენ ვთხოვეთ რუს კოლეგებს, დაგვეხმარონ აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაში. რუსეთის მთავრობა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ ვითხოვეთ დახმარება და ისინი დაგვთანხმდნენ,“ – განაცხადა მარშანიამ.

 

დამნაშავე კვლავ სააკაშვილია!

რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, განიხილეს „გავრილოვის ღამეც“.

გიორგი ლომიამ განაცხადა ისიც, რომ გავრილოვის პარლამენტში მისვლა მთლიანმა საზოგადოებამ კი არ გააპროტესტა, არამედ ეს ყველაფერი იყო დესტრუქციული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ლომიამ ამაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია დაადანაშაულა, თქვა, რომ ჟურნალისტ გაბუნიას მონოლოგიც ამ პროვოკაციის ნაწილი იყო.

 

„კიდევ ჩამოვალთ“

ქართველმა დეპუტატმა გიორგი ლომიამ, ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ რუსეთს კიდევ რამდენჯერმე ეწვევიან, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და არსებული კრიზისი მოაგვარონ.

 

აღსანიშნავია, რომ დელეგაციას არ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მან თქვა, რომ ეს საპარლამენტო დონის შეხვედრაა, თავად კი კონტაქტზე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთანაა.

„ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს და მათი მოგვარების გზებს. ვფიქრობთ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ შემდგომ“ – აღნიშნა კარასინმა.

 

შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ბოლოს საქართველოში გავრილოვის ვიზიტის გამო დაიძაბა. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისმა ხილვა საზოგადოება გააღიზიანა. შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა].

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

გავრილოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პუტინმა საქართველო ამ ქცევისთვის დასაჯა და ავიამიმოსვლის გაუქმების ბრძანება გასცა.

ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…

ამის შემდეგ, მოხდა კიდევ ერთი რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტი: “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, პ.ს.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, რუსულადვე გრძელი, უხამსი მონოლოგი მიუძღვნა, რომელიც ძირითადად მის გინებას მოიცავდა.

მონოლოგის ეთერში გასვლიდან მალევე, რუსეთის დუმამ ადგილობრივ მთავრობას საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება შესთავაზა. ამ შეთავაზებას გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ სანქცების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.