თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას  „BBC“-ის  თურქულენოვანი ბიურო ავრცელებს.

6,7-6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

შენობების ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება მოქალაქების სამძებრო ოპერაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  მათ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ.

უწყება თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გვსურს, გამოვხატოთ დიდი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს.

ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05