LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკოსი: თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით

444
ipiccy-image

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „ნამახვანჰესის“ პროექტის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა-ჩაბეტონება ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით, რითაც უდიდესი სამეცნიერო პოტენციალი და ატომური სახელმწიფოს სტატუსი დავკარგეთ.

„ასევე ხუდონის მშენებლობის გაჩერება, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სიძლიერეს ბურჯი გამოვაცალეთ და  ენგურჰესზე ზეგავლენის ბერკეტი დავკარგეთ. ეს იყო, მართული პროტესტის მეშვეობით, ქვეყნისთვის მიყენებული უდიდესი სტრატეგიული დარტყმები, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაიაზრა და დასკვნები ვერ გააკეთა. იმედია, მას შემდეგ  ცოტათი მაინც განვვითარდით და ნამახვანჰესის შემთხვევიდან, სამომავლო გაკვეთილების გამოტანას შევძლებთ.

გავიმეორებ გუშინ ნათქვამს, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა უპირველესად სახელმწიფოს და მთავრობის პასუხისმგებლობაა, რაც ნამახვანჰესის შემთხვევაში იურიდიულადაც არის გაფორმებული ინვესტორთან ხელშეკრულებით. თუმცა, ეს განცხადება ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს ეს იყოს ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე. მოდი გავიხსენოთ, რომ კიდევ არსებობს მოქალაქეობრივი, უწყებრივი, პროფესიული და მორალური პასუხისმგებლობები. მართლაც, მოდით გადავხედოთ და გავერკვეთ ვინ არის პასუხისმგებელი:

– დეზინფორმაციის და უმეცრების გავრცელებაზე, რითაც საზოგადოებას თავგზა აურიეს და რიონის მცველები ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად აქციეს? გავიხსენოთ „მკვლელი ჰესები“, „კაბალური“ ხელშეკრულება, ინვესტიცია რომელიც სინამდვილეში არ შემოდის, ჰესი რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ არგია, 34 მეტრიანი ტალღები, ქათმის ბარკლების ეკონომიკა, ურანის მოპოვება და სხვა „შედევრები“.

– სახელმწიფო ინსტიტუტების, უწყებების დარგობრივი ორგანიზაციების დისკრედიტაცია და დემორალიზაცია. სპეციალისტების, მეცნიერების და სამეცნიერო მეთოდის დაკნინება.

– ქსენოფობიური განწყობების გავრცელება ქართული მიწის დაცვის მოტივით და ამაში რელიგიის გამოყენება, რაც ნამდვილი პატრიოტიზმის პროფანაციას წარმოადგენს.

– რატომ ხდებოდა, მრუდე ლოგიკის გამოყენებით, ყველა საგნობრივი განხილვისთვის თავის არიდება და, მათ შორის, მედიაციის პროცესის გაუფასურება?

ეს ყველაფერი კიდევ უფრო საზიანო ხომ არ არის, ვიდრე ნამახვანჰესის პროექტის შესაძლო ჩაშლა? ამით ხომ არ ხდებოდა სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლების რყევა?

სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი სათანადო ჩარჩოებში მოაქციოს და გაუმკლავდეს. თუმცა ნურც ამის შემოქმედებს დავუკარგავთ „დამსახურებას“. თუ თავისუფალ და ღირსეულ ქვეყნად გახდომაზე მთლიანად ხელი არ აგვიღია, ეს მოვლენები  სათანადოდ უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ. პროტესტის სულისჩამდგმელებმა კი სულ ცოტა საზოგადოებას აჩვენონ, რომ ამ პროცესში გულწრფელები და მორალურად სუფთანი არიან, და სცადონ ამ ფაქტორებში რეალურად გარკვევა.

მოგვიწევს ასევე გავიაზროთ უფრო ძირეული საკითხები:

– სად გადის ზღვარი პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო აქტივიზმს შორის? როგორ დავაბალანსოთ გარემოს და ქვეყნის განვითარების ინტერესები?

– რატომ არის საზოგადოებრივი ცოდნა საბაზისო ეკონომიკურ, ტექნიკურ, პოლიტიკურ საკითხებში უკიდურესად დაბალ დონეზე? რატომ არის მეცნიერების და ცოდნის მიმართ ასეთი დაბალი ნდობა? როგორ განვასხვავოთ სპეციალისტები შარლატანებისგან?

– რამდენად დაცულია ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოება მსგავსი შემოტევების და რყევებისგან?

– რატომ არა გვაქვს ქვეყნის განვითარების გამაერთიანებელი, გაზიარებული ხედვა? და როგორ ჩავაყენოთ ნიჭიერი ადამიანები თავმდაბლობით ქვეყნის სამსახურში და არა ამპარტავნებით მის წინააღმდეგ ბრძოლაში?

– და სხვა მრავალი.

იქნებ ახლა მაინც, ვცადოთ გაკვეთილების გამოტანა და, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდგომი ნაბიჯები წინ გადავდგათ ქვეყნის განვითარებისათვის“, – აცხადებს ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

ამავე თემაზე გაკეთდა კომენტარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც. „ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება“, – აცხადებენ სამინისტროში. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპანია „ენკასგან“ პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ, წინასწარი შეტყობინება ნამდვილად მიიღო. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g