გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 30 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება. მისი განმარტებით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.nace.ge უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა გამოცდების პირობებისა და სხვა სიახლეების შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია 2020 წლის საგამოცდო სიახლეები და საგანმანათლებლო პროგრამების სრული ჩამონათვალი.
“აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეიდან აბიტურიენტებს წვდომა ექნებათ აბიტურიენტთა ელექტრონულ ცნობაზე, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.