2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იქნება, ხოლო გამოცდებში მონაწილეობას 55000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მიიღებს.
გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდება, უსაფრთხოებას კი სპეციალურად გამოცდებისთვის შექმნილი შტაბი დაგეგმავს და გააკონტროლებს.
“სამინისტროს პრიორიტეტი თითოეული პირის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ასევე ვზრუნავთ ყველაზე, ვინც გამოცდების პროცესში იღებს მონაწილეობას”, – განაცხადეს ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, მეთორმეტე კლასელებმა წელს პანდემიის გამო სკოლა ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით დაასრულეს.