LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ არის ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო” – პროკურატურა გვარამიას მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

923
BeFunky-collage

ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოგზავნილი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან გადაღებული. ვიდეოში ჩანს, მანქანით როგორ გადაადგილდებიან გვარამიას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი.

რადიო „ფორტუნა“ აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურას დაუკავშირდა და მათი შეფასება მოისმინა. უწყების ცნობით, ეს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ერთ-ერთი ვიდეო მტკიცებულებაა.

„ეს არ არის „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო, ეს არის 2019 წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ (232 201,58 ლარად) ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე, სარგებლობდა ნიკა გვარამია და მისი ოჯახი. ამ ვიდეოსთან ერთად, საქმის სხვა მტკიცებულებები, პროკურატურამ გადასცა ნიკა გვარამიას ადვოკატს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ შეარჩია 76 700 ევროდ (232 201,58 ლარად) ღირებული ახალი ავტომობილი – ,,Porche Macan S” და კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაუშვებდა მათი ბრენდის სარეკლამო რგოლებს. მათ შორის შედგა შეთანხმება – რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების გაშვების სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ავტომობილი, თუმცა აღნიშნული სქემის შენიღბვის მიზნით ავტომობილი გააფორმა შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.  2019 წლის 1 ნოემბერს გამოძიების ფარგლებში გამოტანილი დადგენილების მიხედვით, ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურაში გამოძიება დაიწყო “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“ – განაცხადა საქართველოს პროკურატურამ.

magti 5g