LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გახდება საარტილერიო კონფლიქტი” – ქვეყნები, რომლებიც უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწვდიან

195
Untitled design

რუსეთ-უკრაინის ომის ახალი ფაზის დაწყების შემდეგ, იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მზად არიან, უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცენ.

ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ამის დახმარების მზაობა გამოთქვა  – ნორვეგიაა. 

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინას “მისტრალის” ტიპის 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს:

“კონფლიქტი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს და იმისათვის, რომ ქვეყანამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს, უკრაინა საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა “მისტრალი” გადასცეს”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “მისტრალი” არის ეფექტიანი იარაღი, რომელიც უკვე გამოიყენება საზღვაო ფლოტში და რომელიც უკრაინას დიდ სარგებელს მოუტანს.

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ იარაღი უკვე გაგზავნილია.

 

 

მძიმე არტილერიას მიაწვდის უკრაინას კანადაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, სანქციების დაწესებით რუსულმა რეჟიმმა და მისმა თანამოაზრეებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და ამასთან, უნდა დაეხმარონ უკრაინას – დაიცვას თავი.

“კიევის რეგიონიდან გასვლის მიუხედავად, რუსეთმა გაახშირა თავდასხმა დონბასზე. უკრაინელები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გმირულად იბრძვიან. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ღირებულებებისთვის, რომელსაც მრავალი დემოკრატიული საზოგადოება ეყრდნობა. სწორედ ამიტომ კანადა უკრაინის მხარეს დგას.

უკრაინას ჩვენ ვეხმარებით ფინანსურად და კანადა მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს კიევს. გავაძლიერეთ სამხედრო დახმარება, როგორც არალეტალური, ასევე ლეტალური, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. მჭიდრო კონტაქტში ვართ პრეზიდენტ ზელენსკისთან, თუ რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად. ბოლოს მათ კანადისგან მძიმე არტილერია ითხოვეს და კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის”, – თქვა ტრუდომ.

 

 

 

უკრაინას კვლავ ჰპირდება დახმარებას აშშ და აცხადებს, რომ ნატომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდების საშუალება გამონახა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, კონკრეტული ქვეყნები არ სახელდება, თუმცა მათ უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს, კირბის თქმით, ამ ქვეყნებს შორის აშშ არ არის. ამ შემთხვევაში, აშშ მოკავშირეებს ტრანსპორტირებაში დაეხმარა.

“ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მათ მიიღეს დამატებითი პლატფორმები და ნაწილები, რათა შეძლონ თვითმფრინავების ფლოტის ზომის გაზრდა. ვფიქრობ, აქ გავჩერდე”, – თქვა მან.

გუშინვე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი საარტილერიო სისტემის გადაცემას გეგმავს.

“ეს გახდება საარტილერიო კონფლიქტი, უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა მეტი არტილერიით, ეს არის ის, რასაც ჩვენ მათ მივცემთ… გარდა მრავალი სხვა სახის მხარდაჭერისა”, – თქვა ბორის ჯონსონმა.

უკრაინა იარაღს მიიღებს რუმინეთისგანაც.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინას დაეხმარებიან ეროვნული თავდაცვის სისტემის რეზერვიდან.

გადაწყვეტილების განხორციელება კი რუმინეთის კანონმდებლობაში შესწორების შეტანით გახდება შესაძლებელი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს აუცილებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის კონტექსტში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში