ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძეც.
„აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ ფაიზერის (Pfizer) მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.
„ფაიზერის“ განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.
„ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, – წერს განცხადებაში „ფაიზერი“.
პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა.
„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.