LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევტუშენკოვი 30 წელია, არის ჩემი მეგობარი – რას ამბობს დავით ხიდაშელი გავრცელებულ ჩანაწერსა და რაჭაში მისთვის 49 წლით გადაცემულ 104 000 ჰეტარ მიწის ნაკვეთზე

166
ხიდაშელი

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩემი სახელის დისკრედიტაცია; ამიტომ მსურს, დავასრულო სპეკულაციები და გავაკეთო განმარტება, – ამის შესახებ აღნიშნულია ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში, რომელსაც “იმედი” ავრცელებს, ბიზნესმენი საუბრობს როგორც რაჭაში, მისთვის 49 წლით გადაცემულ 104 000 ჰეტარ მიწის ნაკვეთზე, ასევე შეხვედრებზე, რომელიც საქართველოში გამართა “სისტემას” ვიცეპრეზიდენტ, ალი უზდენოვთან ერთად.

ხოშტარია: დავით ხიდაშელი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება

„რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით – აფრიკასა და ევროპაში.

დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა.

ოთხი წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა.

შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა. ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა.

“ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს

აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ორ აუდიოჩანაწერს, სადაც გაჟღერდა სახელი „დავითი“, რის შემდეგაც ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის.

მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება. ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია, არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი.

რამდენიმე წლის წინ მთხოვეს, ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. „რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან.

ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე ვარ ბიზნესმენი, საქართველოში ვახორციელებ 47-ზე მეტ პროექტს და კვლავ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და დავეხმარო საქართველოს სხვადასხვა დარგის განვითარებას. იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს“, – აღნიშნავს დავით ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g