საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი ფოლკლორისტის, საზოგადო მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ფასდაუდებელ ღვაწლზე საუბრობს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ:
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ფოლკლორისტის, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და გენის სიდიადე. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუმცა, მჯერა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს.” – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.
შეგახსენებთ, ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებელი, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.