LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეთქდება თუ არა რაჭაში მთები: რას პასუხობს გარემოს დაცვის მინისტრი

146
94570115-3011445858912364-5764203173338152960-o

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

რაჭის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. რა ხდება რაჭაში?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთები ფეთქდება და მდინარე რიონი დაიკარგება, არის ტყუილი, მოღალატეობრივი და რაჭის მკვიდრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. რაჭის კასკადთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ. ის მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის მკვიდრი მოსახლეობის, ონის მოსახლეობის და ამ დეზინფორმაციის მიზანი მათი შეცდომაში შეყვანა იყო. ყველა ფაქტი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობას მიაწოდეს, იყო ტყუილი. პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, ორივე ფაქტი ტყუილია. პროექტში არ არის გათვალისწინებული არც აფეთქება, არც მდინარე რიონის დაკარგვა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის 100%-ით გათვალისწინებული. როდესაც საუბარი იყო, რამდენიმე წელიწადი ხდებოდა განხილვა და მარტში გაიცა ნებართვაო, რამდენჯერმე გადავადდა, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესს რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა წინ. შესაბამისად, შესწავლილი იყო ყველა ასპექტი. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემას აუცილებლად შევინარჩუნებთ, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი.

მთავრობა აცხადებდა, რომ უცხოური ინვესტიციების კუთხით საქართველოში დიდ ციფრებს არ უნდა ველოდოთ. იმის გათვალისწინებით რაც ხდება, მთავრობა ელოდება დიდი საწარმოებისა და უცხოური კომპანიების შემოდინებას, იგივე ჩინური ინვესტიციების შემოსვლას. ხომ არ ფიქრობთ, რომ უცხოური მიმართულებით მიწების გასხვისების პროცესის პოლიტიკის შერბილება მოგიწევთ?

მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა ვერ შეიცვლება. ეს იყო ხალხის ნება, რომელიც ჩვენ პოლიტიკაში ავსახეთ და კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. ასე რომ, სასოფლო სამეურნეო მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში მეურნეობის 90% ეკუთვნით ერთჰექტრიან საწარმოებს. როგორ წარმოგიდგენიათ ერთჰექტრიან  მეურნეობაში უცხოური პირდაპირი ინვესტიცია? არ არის იმის პოტენციალი, რომ მსხვილი ინვესტიციები იყოს პირველად წარმოებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ შიდაინვესტიციის დიდი მუხტი არსებობს და სახელმწიფოს აქვს შიდაინვესტიციის მოზიდვის პოტენციალი.

2024 წლიდან სარწყავი სისტემის ტარიფები სემეკმა უნდა დაადგინოს. მანამდე რა სიახლეებს უნდა ელოდნენ ფერმერები? 

ფერმერი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, მაგრამ არის ძალიან ბევრი რგოლი, სადაც აუცილებელია, რომ ინოვაციები დაიგეგმოს. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ბევრ სივრცეს, სადაც საჭიროა სიახლეების დაგეგმვა და ეს ეხება მელიორაციასაც. მელიორაციის კუთხით სემეკთან გვექნება მუშაობა. მუშაობა დაწყებულია, რომ ტარიფი დაადგინოს და იყოს ადეკვატური. წყლის მომსახურებას თუ არ ექნება ადეკვატური ფასი, ის ვერასოდეს ვერ იქნება ხარისხიანი.

ხშირად დახმარებებით სარგებლობენ ის ბიზნესმენები, რომლებსაც შემოსავლები ისედაც დიდი აქვთ სხვა წყაროებიდან. არის თუ არა გარანტია, რომ ეს პროექტები ეკონომიკურ გაძლიერებას მოხმარდება?

თუ დღევანდელ პრეზენტაციას ყურადღებით მოუსმენთ, პასუხის მოძებნა მარტივია. დახმარება შეეხება ყველანაირ მეურნეობას. ძალიან მცირე ფერმერებსაც და საშუალო ბიზნესებსაც. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ დახმარებით ისარგებლებს მსხვილი კომპანიაც, ეს არ არის ჩვენი სააგენტოების ან სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილება. ეს არის თანამშრომლობა საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ დააფინანსონ მსესხებელი, მაგრამ ის თანადაფინანსება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობს მეწარმეებს, ყველაზე ნაკლები შესაძლებლობის კატეგორიისთვისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები