LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რატი დურგლიშვილის საკუთარი სახლი მცხეთაში, იტალიური ბუხრით, ჩოგბურთის კორტებითა და კალათბურთის მოედნით, რომელსაც თავად არემონტებს

51864
ratidurglishvili

რატი დურგლიშვილი წელიწადზე მეტია, მცხეთაში, ულამაზეს ადგილას ულამაზეს სახლს აშენებს, თანაც, საკუთარი ხელებით. რატის არც ერთი დღე არ მიუმართავს დასახმარებლად ხელოსნებისთვის. დიდი ხანია, ამ საქმეს მარტო შეეჭიდა. მეგობრებმა იციან მისი ამ საქმიანობის შესახებ და ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა მასალით, თუმცა ჯერ არ იცის, როდის დაასრულებს სახლის ინტერიერზე ზრუნვას, ვინაიდან ეს სამუშაოები მაინც დიდ ფინანსებს უკავშირდება.

რატის სურს, ეს სახლი ხელოვანთათვის საყვარელ ადგილად იქცეს. ის ჯერჯერობით დასრულებული არ არის, მაგრამ უკვე ეტყობა, როგორი ლამაზიც იქნება. ეს არის სახლი, სადაც თითქმის ყველაფერი ხელნაკეთი გახლავთ…

რატი დურგლიშვილი:

სახლის 80%-ია დასრულებული, მარტო ვმუშაობ და ამას დიდი დრო სჭირდება. ხელოსნებისთვის დასახმარებლად არ მიმიმართავს. დეკორაციები ჩამოვასხი, გამოვძერწე, გავაკეთე, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა.

საკუთარი სახლი მცხეთაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამოჩემებული მქონდა ეს ადგილი, ალბათ, აურის გამო. მთელი ბავშვობა ვუყურებდი ამ ადგილს, როცა თბილისში ვბრუნდებოდი ხოლმე. პანდემიის დროს რომ ამოვიკეტეთ, მაშინ გამიჩნდა აქ მიწის ყიდვის სურვილი და ეს ოცნება ავიხდინე. საოცრად ისტორიული ადგილია, როგორც გავიგე, აქედან დაწყებულა მცხეთის შენება… აქ ამოსული სულიერად ვმშვიდდები. კვირაში ერთხელ სულ ჩამოვდიოდი სვეტიცხოველში…

მიწა ბანკის მეშვეობით შევიძინეთ. სანამ პრობლემები დაიწყებოდა, მანამდე მოვასწარით. შემდეგ მშენებლების დახმარებით ავაშენეთ სახლი. ამის გაკეთებაც თავად მინდოდა, ვეცადე მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს საქმე პროფესიონალებს უნდა მოეგვარებინათ (იღიმის). საუკეთესოდ არის აშენებული, ბეტონით, მყარად.

სახლი რამხელაა?

110 კვადრატულზე მქონდა გათვლილი და უკვე 360-ზე ვარ გასული (იცინის). სახლი უძლებს, ძლიერი კონსტრუქციაა. მივამატე საძინებლები და მივიღე ასეთი – საკმაოდ დიდი სახლი.

რემონტში თავად ხარ ხომ ჩართული?

აშენების გარდა, მეტლახიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერი თავად გავაკეთე. სახლში გალესილი კედელი არაა, სულ ხელნაკეთი იქნება ყველაფერი, გარედანაც და შიგნიდანაც. ალბათ, მიზანი მქონდა საკუთარი თავის რეალიზების. მინდოდა, მთლიანად ხელნაკეთი სახლი მქონოდა.

როგორი ტიპის სახლია?

ზოგადად, კლასიკის მოტრფიალე ვარ, მუსიკიდან დაწყებული, ინტერიერით დასრულებული, თუმცა იმავდროულად, მიყვარს თანამედროვე შტრიხები და ზოგადად, სიახლის ძიება. იქნება ის, რაც თანამედროვეობაში მომწონს და რაც კლასიკაში მომწონს, კონკრეტულ სტილს ვერ დავარქმევდი. შიგნიდან სახლი აბსოლუტურად თანამედროვე იქნება, გარედან იქნება კლასიკა, ეზოც ნახევრად თანამედროვე, ნახევრად კლასიკური. მინდა, იტალიური ბუხარი ავაშენო პიცერიისთვის, ბარბექიუს კუთხე ცალკე იქნება, კორტებიც მაქვს პატარა, მოედანი კალათბურთის სათამაშოდ, ხელოვნური კოცონი.

ბევრის სახლი მინახავს, სადაც მივსულვარ და სულიერი სიმშვიდე ვერ მომიპოვებია, ასეთი სახლები ვერ მაკვირვებს, სადაც მხოლოდ დიდი ფულია დახარჯული. აქ კი, როცა ჩემი მეგობრები ამოდიან, გაოცებულები ათვალიერებენ… ყველა ამბობს: ვააა, რა მაგარი სახლია! კომპლიმენტებს არ იშურებენ. წვალება და შრომაა, მაგრამ ეს სიამოვნებას მანიჭებს. ეს რეალურად შენი სახეა, რასაც შემოქმედი ქმნი. ამას ადამიანები ხედავენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფინანსური დანახარჯი შეგიმცირდა, რადგან თავად აკეთებ?

ვერ ვიტყვი ამას. სახლის ასე გაკეთებას საკმაოდ სქელი ჯიბე სჭირდება, ამიტომაც გაიწელა დროში ასე. შეუძლებელია ასეთი სახლის გაკეთება ძალიან დიდი ფინანსების გარეშე და მე ეს ჩემი ხელით გავაკეთე, ჩემთვისაც რთული იყო… რამდენჯერმე დამიდგა მომენტი, როდესაც ფინანსურ დანახარჯებს ვეღარ მოვერიე და გაყიდვაზე ვფიქრობდი, მაგრამ როცა ამოვდიოდი და შევხედავდი, ვამბობდი – არა, ამას ვერ გავყიდი!..

ახლა დამოკიდებული ვარ იმაზე, როგორი ცხოვრება იქნება. მასალა ხომ მაინც გჭირდება… ძალიან ბევრი კარგი ადამიანი დამეხმარა სხვადასხვა მასალით. როგორც ჩანს, როცა უყურებენ ჩემს შრომასა და წვალებას… მადლიერი ვარ ყველა საჩუქრისა და დახმარების, რაც მათ გამიწიეს.

არ ვიცი, აქ ვიცხოვრებ თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ აქ ერთგვარი კულტურის ცენტრი იყოს. რატომაც არა – კარგი სივრცე სხვა ადამიანებს უნდა გაუზიარო. მინდა, ამ სახლს თავისი დანიშნულება ჰქონდეს. ხელოვნების სკოლასაც ვხედავ. ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებს. მთავარია, დამთავრდეს და არ შემიწიროს ამისმა რემონტმა. როცა ადამიანები მეუბნებიან, როგორ დავიღალეო, ძალიან მიკვირს. დილის ცხრიდან ღამის 12-მდე მიმუშავია აქ. ფიზიკურად ისე დავიღალე, რომ გულზე პრობლემები შემექმნა, თითები გამეთიშა ლამის, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ვიღლებოდი. ვინც სამსაათიანი მუშაობის შემდეგ იღლება, მისი ძალიან მიკვირს (იცინის).

ამ სახლს სახელიც შევურჩიე, რატომღაც ლილიტი დავარქვი. მერე გამახსენდა, რომ ასტროლოგიაში მას არცთუ დადებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე უფრო ყვავილზე ვფიქრობდი… მას ვუყურებ, როგორც სულიერ არსებას… ასე ვაფასებ… ძალიან დიდი ენერგიის მქონე ადგილია.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები