LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრენებზე მივიღეთ მომართვები რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის არის ქართულიც“ – როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო 

120
davit

„დღის განმავლობაში დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას და სავარაუდოდ, ხვალისთვის იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უწყებაში უკვე შესულია მოთხოვნა სამივე ქართულ აეროპორტთან – ბათუმის, ქუთაისის და თბილისის აეროპორტებთან მიმართებით. როგორც დავითაშვილი აცხადებს, ფრენების ნებართვა მოთხოვნილია, როგორც ქართული ავიაკომპანიის, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან.

მინისტრმა უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რადგან ქვეყანა ICAO-ს სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით და ბორტებით, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან – აეროპორტების გაერთიანება

„ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება იყო ცალმხრივი, საქართველო ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობდა. რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე, ცალმხრივად განაახლეს ფრენები საქართველოში. ფრენებზე უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის არის ქართულიც. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით, საავიაციო სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთში ფრენების კუთხით. ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოს ყველაზე მკაცრ პრაქტიკას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები გააჩნია. გადაწყვეტილება ეფუძნება რამდენიმე კრიტერიუმს – არც სანქცირებული ბორტები, არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული. ჩვენ გამოვრიცხავთ სანქცირებულ კომპანიებს, ისევე როგორც კონკრეტულ ხომალდებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება, გადაადგილების უსაფრთხოება. ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, საშუალებას მივცემთ განაახლონ ფრენები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მედიასთან საუბრისას.

ლევან დავითაშვილის აზრით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ნაწილისთვის შეღავათი იქნება. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი არსებობს.

„საზოგადოებაში განწყობები განსხვავებულია. აზრთა სხვადასხვაობაა, კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლებელია პირიქით, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს განახლებული პირდაპირი ფრენები. ამას აქვს როგორც კომერციული, ისე სოციალური მნიშვნელობა ჩვენთვის, რადგან რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები ვერ ახერხებდნენ ოჯახში ჩამოსვლას. აქ ვფიქრობ, ასეულობით ათასი ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობაზეა საუბარი“, – განაცხადა მინისტრმა.

„შემოსულია რამდენიმე განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის მოთხოვნით“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება… შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს“ – ფინანსთა მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები